Google+

ინტერვიუები

15.07.2007
'Jurnalul National' - ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ

პორტრეტი: ქალბატონი საქართველოს პირველი ლედის მიღმა

სოციალური დაცვის ჰუმანიტარული პროექტებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლეობამდე - სანდრა ელისაბედ რულოვსი „Jurnalul National"-ს თავის ცხოვრებას მოუთხრობს.

მომხიბლავი საქართველოს პირველი ლედი, ჰოლანდიელი სანდრა ელისაბედ რულოვსი მოგვითხრობს, რომ ის ყოველთვის იყო დაინტერესებული ჰუმანიტარული პროექტებით. რუმინეთში მისი რამდენიმე დღიანი ვიზიტის დღის წესრიგის პრიორიტეტებიც სოციალურ-სამედიცინო და აგრეთვე კულტურული სფეროებით განისაზღვრება. ძალზე დატვირთული დღის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ ბუქარესტში შთამბეჭდავი რაოდენობის საავადმყოფოები და სოციალური პროფილის დაწესებულებები დაათვალიერა, ქალბატონმა სანდრამ კეთილი ნება გამოიჩინა და ჩვენი ჟურნალის კორესპონდენტს ესაუბრა, რათა საკუთარი პორტრეტი დაეხატა - ქალისა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გვერდით არის ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც იგი კოლუმბიის სამართლის სკოლაში უბრალო სტუდენტი იყო. კითხვაზე, თუ როგორ ხედავდა იგი თავის მომავალ ცხოვრებას სანამ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებოდა, ქალბატონმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა გვიპასუხა: „ვოცნებობდი წავსულვიყავი აფრიკაში. კარგად ვფლობდი ფრანგული ენას და ძალიან მიზიდავდა ეს კონტინენტი. თუმცა დღემდე ვერ მოვახერხე იქ წასვლა. იქ ალბათ წითელი ჯვრის ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით გავემგზავრებოდი, რათა ერთ-ერთ ღარიბ ქვეყანაში მემუშავა". მაგრამ, როგორც ქალბატონმა სანდრამ გაგვიმხილა, მას ასევე სხვა ინტერესიც ჰქონდა. კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ის ქვეყნები, სადაც რუსულ ენაზე საუბრობენ. „ცოტა რუსულიც ვისწავლე და პირველად ვიმოგზაურე ბალტიის ქვეყნებში, ჩავედი მოსკოვში. იმ პერიოდში პირველად ვიმოგზაურე რუმინეთშიც. აღმოვაჩინე ახალი სამყარო - ერთის მხრივ მსგავსი, მაგრამ ამავდროულად ძალზე განსხვავებული. ასე რომ, ვოცნებობდი რამდენიმე წლით აფრიკაში წავსულვიყავი სამუშაოდ, შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ რამდენიმე წლით და მხოლოდ ამის შემდეგ ვფიქრობდი აუცილებლად სადმე ოჯახი შემექმნა", - ამბობს ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი.

„უბრალოდ მიხეილი"

აფრიკაში ვერ მოხვდა, მაგრამ დღეს უკვე საქართველოს პირველი ლედი აგრძელებს თხრობას, თუ როგორ შეხვდა მომავალ მეუღლეს, რომელიც 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტი გახდა. „თქვენ შეხვდით პრეზიდენტ სააკაშვილს და ერთად გაემგზავრეთ ნიუ-იორკში..." მომღიმარი სანდრა ელისაბედ რულოვსი აზუსტებს: „იმ დროს იგი იყო უბრალოდ მიხეილი... ჩვეულებრივი სტუდენტი, რომელმაც ჩააბარა მისაღები გამოცდები კოლუმბიის უნივერსიტეტში, მიიღო სტიპენდია და იქ ერთი წელი უნდა დარჩენილიყო. მე გავყევი მას ნიუ-იორკში, სადაც ჩვენ დავქორწინდით კიდეც. მუშაობა დავიწყე ჯერ კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ერთ-ერთ ჰოლანდიურ საადვოკატო ფირმაში. დამთავრებული მაქვს ეკონომიკური და უცხო ენათა ინსტიტუტები და შესაბამისად სამართლის საკითხებში ჩახედული ვიყავი. ჩვენ კიდევ ერთი წელი გავატარეთ აშშ-ში, შემდეგ ჩემი მეუღლე დაბრუნდა საქართველოში, რადგან პარლამენტში იყრიდა კენჭს. მე იმ პერიოდისთვის უკვე ორსულად ვიყავი, ბავშვი შემეძინა ჰოლანდიაში. ჩემი ქმარი რამდენჯერმე ჩამოვიდა ჩემთან, შემდეგ კი ერთად დავბრუნდით საქართველოში, სადაც დავიწყეთ ახალი ცხოვრება". სანდრა ელისაბედ რულოვსი თავისუფლად საუბრობს გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, ინგლისურ, ქართულ და მეგრულ ენებზე. ინტერვიუს დროს ის მცირე პაუზას აკეთებს და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მოსაგვარებლად დელეგაციის წევრებს ქართულად ესაუბრება.

საპრეზიდენტო საქმიანობა

კითხვაზე - „რა თვისებებს გამოყოფდით მიხეილ სააკაშვილში, როგორც პრეზიდენტში და მისი, როგორც პოლიტიკოსის, რომელი თვისება გხიბლავთ ყველზე მეტად?" - სანდრა ელისაბედ რულოვსი უყოყმანოდ პასუხობს - „პრინციპები. მას აქვს საკუთარი პრინციპები, რომლებსაც არასდროს ღალატობს. რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მას ძალიან უყვარს საკუთარი ქვეყანა, არის ჭკვიანი, აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური და სტრატეგიული ინსტინქტი და ბევრი ისეთი თვისება, რაც მას თავისი ქვეყნის პატრიოტ ლიდერად წარმოაჩენს".

კითხვაზე, თუ რა საქმიანობას ეწევა პირველი ლედის რანგში ქალბატონი სანდრა ევროპაში, იგი ყურადღებას ამახვილებს ორ ძირითად კამპანიაზე, რომელსაც მხარს უჭერენ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტების მეუღლეები. ეს მიმართულებებია: ბრძოლა მკერდის კიბოს წინააღმდეგ და ასევე ბრძოლა ტუბერკულოზისა და შიდსის წინაამღდეგ. „მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვარ დაინტერესებული სხვა საკითხებითაც. მაგალითად, გასულ კვირას (ივნისის ბოლოს-ავტორის შენიშვნა) ვიყავი ვარშავაში, სადაც შევხდი პოლონეთის პირველ ლედის, ქალბატონ მარია კაჩინსკას. შეხვედრის შემდეგ ჩვენ ერთად ჩავატარეთ პრესკონფერენცია დედების დასაქმების თაობაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ გერმანიის პირველი ლედი და მონტენეგროსა და უკრაინის პრეზიდენტების მეუღლეები. პოლონეთის მხარესთან ჩვენ ვისაუბრეთ კანონმდებლობის საკითხებზე, რომელიც ეხება დედების დასაქმებას, აგრეთვე განვიხილეთ იმ დედების მაქსიმალური ხელშეწყობის შესაძლებლობები, რომელთაც შვილები ჰყავთ და ამავდროულად მუშაობენ. სხვა საკითხები, რომლებიც მაინტერესებს არის: ჯანსაღი ცხოვრების წესი, კლასიკური მუსიკა და კეთილი ურთიერთობები მეზობლებთან. მე ასევე ვხელმძღვანელობდი ჰუმანიტარულ ორგანიზაცია SOCO-ს, მაგრამ მისი საქმიანობის სფერო ძალზედ ვრცელი იყო: ბავშვებისა და მოხუცების მოვლა, აფხაზეთიდან დევნილების დასახლება, სკოლებისა და საავადმყოფოების განახლება, ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და სხვა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმიანობა ორი ძირითადი სფეროსკენ მიმემართა: ეს არის ბავშვებისა და დედების სიკვდილიანობის შემცირება. ერთიც და მეორეც საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს და ჩვენი მიზანი 2015 წლამდე სიკვდილიანობის მაჩვენებლების განახევრებაა".

„ყველანი ადამიანები ვართ და ამიტომ ნებისმიერი არგუმენტს შეიძლება ახსნა მოეძებნოს და მიღებულ იქნას. სოციალიზმი, კაპიტალიზმი, საბაზრო ეკონომიკა - ყველა ეს სისტემა მიღებულია ევროპულად მოაზროვნე ადამიანების მიერ. რუმინეთი, ბულგარეთი, რუსეთიც კი ერთი ოჯახის შთამომავლები არიან, რომელსაც ევროპული ფესვები და ფასეულობები აქვს. ამ ოჯახში კი ბევრი ნიუანსია".

„ყოველთვის უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ტრადიციები და ფასეულობები, როგორიცაა მეგობრობა, ოჯახი. არსებობს ძალიან ბევრი რუხი ნიუანსი, ევროპის დიდ ოჯახში ყველაფერი მხოლოდ თეთრი და შავი არ არის. ყველას გაგვაჩნია თავგანწირვის სულისკვეთება ან ოჯახისა და მეგობრებისადმი პატივისცემა, ჩვენ არ ვართ კანიბალები და არ ვჭამთ ერთმანეთს, ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებებს".

სანდრა ელისაბედ რულოვსი

საქართველოს პირველი ლედი


დელია ზაჰარეანუ
„Jurnalul National"




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code