Google+

ინტერვიუები

29.12.2007
'საქართველოს რესპუბლიკა' - ჩვენი იდეალისტი რძალი

ეს წიგნი შემთხვევით ჩამივარდა ხელთ და, აქედანვე უნდა ვთქვა, ძალიანაც დამაინტერესა. თავად განსაჯეთ: გარეკანიდან საქართველოს პირველი ლედი გვიღიმის, ქვემოთ კი წარწერაა - "სანდრა ელისაბედ რულოვსი. იდეალისტის ნაამბობი. საქართველოს პირველი ლედი". უკვე წინათქმიდან, უკვე პირველივე სტრიქონებიდან გიზიდავთ ქალბატონი სანდრას ავტობიოგრაფიული ნაწარმოები (მთარგმნელი დავით ღოლეჯაშვილი, ახალგაზრდა ქალის გზა, რომელიც ჰოლანდიიდან იწყება, ამერიკისკენ მიემართება და საქართველომდე მოდის. სტილი ნატიფია, ჩამოძერწილი, რაც, ეტყობა, სანდრას გატაცების "ბრალიცაა" - იგი ფილოლოგია, ფრანგულსა და გერმანულის სპეციალისტია, თანაც, ბავშვობაში სულ ვოცნებობდი, მწერალი გამოვსულიყავიო - წერს იგი.

"ჩემი პირველი მოთხრობისთვის ფსევდონომიც კი მქონდა მოფიქრებული: "არდნას სვოლურ" (ჩემი სახელი და გვარი შებრუნებით). ჟღერადობა მომწონდა, ჩემი აზრით, ცოტა რუსულსაც ჩამოჰგავდა. მინდოდა, მეწერა და ცნობილი გავმხდარიყავი..."

შემდეგ აბზაცი კი უკვე პატივისცემით იმსჭვალება ავტორისადმი და არც ამ სიტყვების სიმართლეში გეპარება ეჭვი: "რამდენიმე წელია თან დავატარებ საქართველოს, უფრო სწორად, საქართველოს ფორმის ოქროს კულონს. ამ ჟესტით იმის აღნიშვნა მინდა, რომ ამ ქვეყნის ბედ-იღბალს ვიზიარებ. ქართულ ენაში ერთი კარგი სიტყვაა - მეუღლე. ჩემი თავი სწორედ ასე წარმომიდგენია: ვხედავ, როგორ ვეწევი ჩემს ხართან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე უღელს..."

"ხართან ერთად", ესე იგი, მის რჩეულთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომელსაც საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში დაუკავშირა თავისი ბედი, თუმცა მაშინ ალბათ, ვერც წარმოიდგენდა სანდრა, რომ სულ ათიოდ წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის პირველი ლედი გახდებოდა. დიდი ცოდნა ამ ქვეყნის ისტორიისა, პატივისცემა და სიყვარული მისი თვითმყოფადი კულტურისა და ხელოვნებისადმი, ტრადიციებისადმი, ქართველი კაცის ნიჭისა და უნარისადმი ძალუმად იგრძნობა წიგნში და ეს, ცხადია, კიდევ უფრო პატივისცემით გავსებთ ავტორის მიმართ.

საქართველოს წარსული რომ აინტერესებს, ახლა მეუღლის წინაპრებისადმი ამჟღავნებს ჰოლანდიელი რძალი პატივისცემასა და სიყვარულს.

"გიულის ბაბუა, ნიკუშა წერეთელი, ძველი თავადური გვარის შთამომავალი იყო, ისევე როგორც გიულის ბებია - თამარ აბაშიძე, რომელმაც ოთხმოცდათოთხმეტი წელი იცოცხლა. მე ეს ქალბატონი მოგვიანებით გავიცანი და რამდენიმე წლის მანძილზე ახლო ურთიერთობა მქონდა მასთან. თამარა ბებიამ, ვისაც ეს წიგნი ეძღვნება, უმძიმესი ცხოვრება გაიარა. ოჯახში ხუთი ძმა და ორი და იყვნენ. დღეს მათგან ერთიღა არის ცოცხალი."

რძალი უკვე თბილისშია, მართლმადიდებლურად ჯვარდაწერილია და ქართულ სამზარეულოსაც ეცნობა: "ერთობ დახვეწილი კერძია საცივი - სუნელებიან ნიგვზის სოუსში, ანუ ბაჟეში ჩადებული მოხარშული ქათამი ან ინდაური. თავად ბაჟეს, წმინდად დაფქული ზაფრანას ფურცლების გამო, ნარინჯისფერი კარამელის ფერი დაჰკრავს. საცივს ძირითადად საზეიმო სუფრისთვის ამზადებენ. საცივის გაკეთება თუ იცი, სამზარეულოს დედოფალი ხარ!" - წერს იგი.

სანდრა ქებათა-ქებას უძღვნის ქართულ ენას, რომელიც უმალ შესანიშნავად შეისწავლა, ეუფლება ქართულ მელოდიებს, ახორციელებს მრავალ საქველმოქმედო პროექტს, ფრანგულ ენას ასწავლის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში. წიგნში ოსტატურადაა აღწერილი საქართველოს უახლესი ისტორიის ეპიზოდები, ვარდების რევოლუცია და თავისი მეუღლის გვერდით დგომა, პრეზიდენტის ინაუგურაცია და პირველ ლედად გახდომა ქვეყნისა, რომლის შეყვარება უკვე მოასწრო.

მე ბედნიერება მქონდა ქალბატონი სანდრას გაცნობისა და, ახლა რომ ვუკვირდები, ეს წიგნი სწორედ მას უნდა დაეწერა - თავმდაბალ, გულწრფელ ადამიანს, ქართულ კულტურაზე საათობით რომ შეუძლია საუბარი.

ერთხელაც, დედამისის, ქალბატონ მაგდალენა ვან დერ პულის ნამუშევრების გამოფენის გახსნისას საგამოფენო დარბაზ "კოპალაში" შევხვდი. სანდრას დედა ფერმწერია, გამოფენამ "კოპალაში" დიდი ინტერესი გამოიწვია. ნიჭიერმა ქალბატონმა თავისი ერთ-ერთი ნამუშევარი მისახსოვრა. საქმე ის არის, რომ სანდრას მშობლები - ქალბატონი მაგდალენა, ბატონი ედუარდი და მე, უკვე ვიცნობდით ერთმანეთს, ერთ პატარა სასტუმროში შემთხვევით შევხვდი ამ კეთილღიმილიან, სიძის სამშობლოზე გულწრფელად შეყვარებულ ადამიანებს. რა გასაკვირია, აქ ეგულებათ სათაყვანებელი ქალიშვილი, შვილიშვილები, სიძე, მოყვრები... როგორც მაშინ გამანდეს, ცოლ-ქმარი თბილისთან ახლოს პატარა მიწის შეძენას და შიგ სახლის ჩადგას აპირებდნენ, უფრო ხშირად და უფრო ახლოს ვიქნებით ახლობლებთან, საქართველოსთან, ქართველებთანო...

ჰოდა, მართლაც აუშენებიათ ერთსართულიანი ფიცრული სახლი სოფელ ჭოპორტში, რაც უმალ სასახლედ მონათლა "ტელეიმედმა", თანაც, თურმე, განაშენიანების გეგმა "დაურღვევიათ", მწვანე ზოლში (სად არის არამწვანე ზოლი ჭოპორტში) გადასულან ჰოლანდიელი მოყვრები. ვისმენდი ტელევიზიით მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის ყოვლად დაუსაბუთებელ გამოსვლას და, როგორც, ალბათ, ბევრს საქართველოში, მეც ჩემი ქართველობისა მრცხვენოდა, თითქოს სილა გამაწნეს, თითქოს სტუმართმოყვრული ტრადიციები შემიგინეს, ოღონდ სააკაშვილის ოჯახის დისკრედიტაცია მოახდინოს და რა სიბინძურეს არ ჩაიდენს ზოგიერთი ჟურნალისტი და ტელეარხი! თქვე კაი ადამიანებო! "გიჟვრაცუა" ქართველებო! უძველესი დროიდან ხელოვნურად, ძალით მოყვრდებოდნენ ქვეყნები, რათა ურთიერთობები გაეღრმავებინათ, ჩვენ კი, თითქოს ღმერთმა გამოგვიგზავნა თავისი მეუღლის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული რძალი, სიძის სამშობლოს ასერიგად დამფასებელი სიდედრ-სიმამრი... არ სჯობს, რომ გონივრულად გამოვიყენოთ ეს ურთიერთობები ევროპის ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანასთან?! არა! ჩვენთან ხომ დღეს, სამწუხაროდ, ნიჰილიზმი, ბოღმა, ჯანდაბა და დოზანა სჭარბობს გონიერებას! რაც თბილისში უკანონო შენობები წამოიმართა ალბათ, თავი უნდა ჩამოეხრჩო დედაქალაქის ყოფილი მერის მოადგილეს! მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა "ივაჟკაცა" - პროტესტის ნიშნად გადადგა! ვაი, ჩვენს პატრონს!

... საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეღა დარჩა. სანდრა. ამწუთას, პირველი ლედი აღარაა და გვერდით უდგას პრეზიდენტობის კანდიდატ თავის მეუღლეს. ხომ ნახეთ, რა შთაგონებით იგალობა მან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების ოცდათ წლისთავზე სამების ტაძარში, რა ნიჭიერებით შეასრულა მეგრული სიმღერა მიშა სააკაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრისას სენაკში, დარწმუნებული ვარ, ამით კიდევ უფრო გაუზარდა მან რეიტინგი თავის მეუღლეს.

საოცარი ქართული სიტყვა - "მეუღლე" ხომ ასე სათუთი და საფერებელია ქართველების ჰოლანდიელი რძლისათვის.

დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, ქალბატონო სანდრა!



თორნიკე კოპალეიშვილი
"საქართველოს რესპუბლიკა"




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code