ჯეფ მეისონი
როიტერი
30 იანვარი 2012
ვაშინგტონი (როიტერი) - ორშაბათს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ აშშ და საქართველო იკვლევენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობას, რათა განავითარონ და გააფართოვონ სავაჭრო ურთიერთობები.
თეთრ სახლში საქართველოს პრეზიდენტთნ შეხვედრისას, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა დიალოგის დაწყების თაობაზე, რომელიც ვაჭრობის სხვადასხვა მიმართულებას განიხილავს, „მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობას.“
მას ამ პროცესის ვადები არ დაუზუსტებია.
„ცხადია, რომ ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო და ბევრი ვარიანტიც უნდა განვიხილოთ“, - განუცხადა სააკაშვილის გვერდზე მჯდომმა ობამამ ჟურნალისტებს ოვალურ ოთახში. - „რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას განვიხილავთ. მთავარია, რომ ეს მომგებიანი და ურთიერთსასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის - როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე საქართველოსთვის. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის, რათა საქართველოში განხორციელდეს ინვესტიციები. ჩვენი პროდუქცია და სერვისი უნდა გაიყიდოს საქართველოში, ხოლო ქართული პროდუქცია უნდა შემოვიდეს ჩვენს ბაზარზე“.
სააკაშვილმა განაცხადა რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ქართველ ერს განვითრებასა და წინსვლაში დაეხმარებოდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ თქვენ ახსენეთ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივა, რადგან ეს მოიზიდავს დამატებით აქტივობას ჩემის ქვეყნისკენ და, ფაქტობრივად, აღმშენებლობის პროცესში დაგვეხმარება“, - განაცხადა მან.
კვირაზე ნაკლები დროა გასული მას შემდეგ, რაც ობამა კონგრესში ყოველწლიური ანგარიშით (State of the Union) წარსდგა. ყოველწლიურ ანგარიშში მან ყურადღება გაამახვილა მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაზე რუსეთის ფედერაციასთან, რომელმაც 2008 წელს მეზობელ საქართველოსთან ხანმოკლე ომი აწარმოა. ერთ კვირაზე ნაკლების პერიოდის შემდეგ, იგი ამავე თემაზე საქართველოსთან მიმართებაში საუბრობს.
რუსეთთან „პერმანენტული ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების“ დამტკიცების მიზნით, ობამას ადმინისტრაცია გეგმავს, რომ წელს კონგრესზე ზემოქმედება მოახდინოს, რათა კონგრესმა ცივი ომის დროინდელი „ჯექსონ-ვანიკის“ სახელით ცნობილი პროექტი ამ „პერმანენტული ნორმალური სავაჭრო ურთიერთობით“ ჩაანაცვლოს.
თავის დროს, ამ პროექტმა ცენტრიდან მართვად ეკონომიკებთან აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობა დაუკავშირა ებრაელებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების თავისუფალი ემიგრაციის უფლებებს. თუმცა, ეს შეზღუდვა ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, რომლის წევრიც წელს რუსეთი უნდა გახდეს.
საქართველოსთან პარალელურ სავაჭრო ინიციატივას შეუძლია აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის ნორმალიზების თაობაზე, კონგრესში ხმათა სათანადო რაოდენობის მოსაგროვებლად, გარკვეული ბიძგის მიცემა. არადა, იმის გამო, რომ კონგრესში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მოსკოვს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ირანთან ურთიერთობის საკითხების მიმართ, ხმების მოპოვება ძალზე რთული იქნება.
სააკაშვილთან შეხვედრისას, ობამამ ასევე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-სკენ სწრაფვასა და ამ სტრუქტურაში ინტეგრაციის გზაზე.