ქეთი ქეი: ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ევროპის ქვეყნებთან ძლიერი ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მიმდინარე ეკონომიკური და უსაფრთხოების მხრივ არსებული პრობლემების კონტექსტში. როდესაც პრეზიდენტი ობამა დღეს შეხვდა საქართველოს ლიდერს ეს საკითხები დღის წესრიგში პირველი იყო. დღევანდელი შეხვედრა აღნიშნავს აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავს. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენთან პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება, რათა ცოტა ხნის წინ დასრულებული შეხვედრის შესახებ გვესაუბროს.
ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ შემოგვიერთდით.
მიხეილ სააკაშვილი: სასიამოვნოა თქვენ სტუდიაში კიდევ ერთხელ სტუმრობა.
ქეთი ქეი: 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს წამყვანმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა განაცხადა: ჩვენ ყველანი ქართველები ვართო. კვლავ ასეთივე განწყობით დაგხვდნენ დღეს ვაშინგტონში?
მიხეილ სააკაშვილი: არაჩვეულებრივად მიგვიღეს. ოვალურ დარბაზში წინა ადმინისტრაციის დროსაც მქონდა რამდენჯერმე შეხვედრა, მაგრამ ამჯერად ჩვენი ურთიერთობა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და შეხვედრას უფრო კონკრეტული შინაარსი ჰქონდა. თეთრი სახლი მნიშვნელოვანი გზავნილებით დავტოვე. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ობამამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივაზე ისაუბრა, მთავარი გარღვევაა. შეიქმნება ეკონომიკაზე მომუშავე კომისია და მეორე, ახალ საფეხურზე გადადის ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობას. მან ასევე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ნატოში მისწაფებისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მისი განადგურების მცდელობა არაერთხელ იყო.
ქეთი ქეი: ნება მომეცით შეგეკითხოთ ნატოს მისწრაფებაზე. კოალიციური ძალების მხარდამხარ, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში თქვენი 1000 კაციანი შემადგენლობა მონაწილეობს. თქვენ ერთადერთი ქვეყანა ხართ, რომელიც კონტიგენტის გაზრდას გეგმავს. ეხება თუ არა ეს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებას?
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ერთ ბატალიონს ვამატებთ და იქ 1700 ჯარისკაცი გვეყოლება. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე ქვეყანა იქნება, რომელსაც ავღანეთში ასეთი რაოდენობის ძალები ეყოლება.
ქეთი ქეი: რატომაა საქართველო დაინტერესებული უფრო მეტი ჯარისკაცის გაგზავნით.
მიხეილ სააკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ საქართველო ახლოსაა ამ რეგიონთან და ის, რაც ავღანეთში ხდება, გავლენას ახდენს საქართველოზეც. ჩვენი ქვეყანა პოლიტიკური, კულტურული და გეოგრაფიული თავლსაზრისით, ევროპული ქვეყანა გახლავთ. ჩვენს პარტნიორობას ამერიკასთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედრო ძალების მომზადების დონის ამაღლება. ისინი კარგები არიან და ეს ჩემი სიტყვები არ არის. რამდენიმე ამერიკელ მეთაურს ვესაუბრე და ჩვენს ჯარისკაცებს ყველა აქებს. სამწუხაროდ, დანაკარგიც გვქონდა.
ქეთი ქეი: მოდით, უსაფრთხოების პრობლემაზე ვისაუბროთ. ამერიკელების უმეტესობას, საქართველოზე ფიქრისას, რუსეთთან 2008 წლის ომი ახსენდება. რუსეთის პოლიტიკა დღეს ისევ ყურადღების ცენტრშია. როგორც ჩანს ისევ პუტინი გახდება რუსეთის პრეზიდენტი. რას ფიქრობენ ამაზე ქართველები?
მიხეილ სააკაშვილი: რუს სამხედროებს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი აქვთ ოკუპირებული. სწორედ ამ ტერმინს იყენებენ ამ ომის აღსანიშნავად ამერიკაში, ევროპარლამენტში და ევროპულ ქვეყნებში. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოძევებულია და ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში. ეს ადგილები ახლა ჩვენი მოსახლეობისგან დაცლილია. იქ დღეს უფრო ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ეს ომამდე იყო. ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცვლილებები მოხდა. რუსეთი კვლავ გეგმავს სამხედრო წვრთნების მოწყობას, რაც საქართველოს მიმართ აგრესიული ნაბიჯების გადადგმაზეა ორიენტირებული.
ქეთი ქეი: მეტ-ნაკლებად მაინც თუ განერვიულებთ მომავალი პრეზიდენტი პუტინი?
მიხეილ სააკაშვილი: ომის შემდეგ შეიცვალა ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკა ისევ გაძლიერდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ძალიან ხშირად რუსეთის ოპოზიციური ფიგურები საქართველოს ასახელებენ არა მარტო დემოკრატიის ტრანსფორმირებისა და ეკონომიკური რეფორმების მოდელად, არამედ კორუფციასთან, დანაშაულთან ბრძოლის მაგალითად. ობამამაც თქვა, რომ საქართველო რეგიონში მოდელია და ეს დიდი კომპლიმენტია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან და მან ეს ხაგასმითა აღნიშნა.