მიხეილ სააკაშვილი დაიბადა თბილისში, 1967 წლის 21 დეკემბერს. კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, იგი ”მასკის ” პროგრამით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გაემგზავრა. 1995 წელს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში აირჩიეს და იყო მოსამართლეთა დამსახურების მიხედვით შერჩევის ინიციატორი. აგრეთვე ის იყო იუსტიციის პირველი მინისტრი, რომელმაც სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირება დაიწყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრად 2000 წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა, სადაც იგი კვლავაც უპირისპირდება და იძიებს პოსტსაბჭოთა ქართული კორუფციის ფაქტებს უმაღლეს ეშელონებში. 2004 წლის 4 იანვარს, ვარდების რევოლუციის შედეგად, მიხეილ სააკაშვილი ხმათა 96 პროცენტით, საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.
- თქვენ იყავით წინა მთავრობის წევრი, რა გაღელვებდათ მაშინ?
- რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ამ დროისათვის, მე საქართველოს მთავრობის ყველაზე ასაკოვანი წევრი ვარ. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩემი სტუდენტობის ბოლო წელი იყო. ჩემი კარიერა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში განვითარდა. ვიყავი არჩეული დამოუკიდებელი საქართველოს მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე - სწორედ ეს კომიტეტი ცდილობდა რეფორმატორთა ჯგუფებთან ერთად განეხორციელებინა სასამართლოს რეფორმა. ამის შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც ჯგუფის ზოგიერთი წევრი (წევრები, ძირითადად, იყვნენ ყოფილი კომუნისტური მთავრობის ოფიციალური პირები, რომლებსაც ყოფილი კომუნისტი ლიდერი შევარდნაძე ხელმძღვანელობდა) ფიქრობდა, რომ საბოლოოდ ამ რეფორმატორების სასარგებლოდ მივიღებდით გადაწყვეტილებას, ასე არ მოხდა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ შექმნილი ფონის მიუხედავად, კომუნისტები არასდროს არ შეიცვლებოდნენ. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გამოვყოფოდით მათ და წავედით კიდეც ოპოზიციაში. ადგილობრივი არჩევნების დროს ჩვენ მათ ხელიდან გამოვგლიჯეთ გამარჯვება ძალიან ადგილობრივი არჩევნების ქაოტურ სისტემაში; შემდეგ გავიმარჯვეთ საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგის აღიარებაზე უარი განაცხადეს მხოლოდ იმის გამო, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება წარმოუდგენელი იყო. ამის შემდეგ მოხდა ვარდების რევოლუცია და ძალაუფლება საკუთარ ხელში ავიღეთ.
- როგორი ვითარება იყო იმ დროს საქართველოში? თქვენ იყავით ვარდების რევოლუციის ლიდერი; რა იყო ამ რევოლუციის მიზანი? გქონდათ თუ არა ამბიცია რევოლუცია არა მარტო ქვეყანაში მოგეხდინათ, არამედ ხალხის გონებაშიც?
- რეალურად, ასეც იყო. ადამიანებს, რომლებიც მაშინ ქუჩაში გამოვიდნენ, ყელში ჰქონდათ კორუფცია. მათ სურდათ ნამდვილი დემოკრატია ან მორალური დემოკრატია, რაც ნიშნავს არა მარტო იმას, რომ აზრის გამოხატვის საშუალება ექნებოდათ, არამედ იმისაც, რომ ხელისუფლება რეალურად მოუსმენდა მათ... 90-იან წლებში, სრული ქაოსი სუფევდა. იმ დროს ყველაფრის თქმა შეგეძლო, თუმცა, რეალურად, ეს არავის არ აინტერესებდა. მეორე მხრივ, ხალხს სურდა ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნებოდა მის წინაშე. ხელისუფლებისთვის კი საჭირო იყო, მართლაც, სამართლიანი არჩევნები, თანაც, არა იმისთვის, რომ დროდადრო გაეყალბებინა, არამედ იმისთვის, რომ რეალურად შეეგნო - პოზიციების შესანარჩუნებლად, უპირველეს ყოვლისა, ხალხის მხარდაჭერაა საჭირო.
ძირითადად, ისინი ოცნებობდნენ, რომ ჰქონოდათ უკეთესი ცხოვრება, მათ შვილებს კი - უკეთესი მომავალი. ეს, შესაძლოა, სიურეალისტურად ჟღერს, მაგრამ ასეთია ცხოვრება. მათ სურდათ რეალური სახელმწიფო, რადგან ჩვენ გვქონდა არშემდგარი სახელმწიფო, რომელსაც მართავდნენ ნარკობარონები ადგილობრივი ფეოდალები და სხვადასხვა ჯიშის ადამიანები. ასე რომ, ნამდვილად კარგი იყო, რომ მათ შემოიტანეს პოლიტიკური ფორმები, რომლებიც არავისთვის არ ყოფილა ყალბი. ჩვენ არ აგვიღია ფული რაიმე ბიზნეს ინტერესებისთვის, ჩვენ არ ცავსულვართ კომპრომისზე და არ არ გამოგვიყენებია ფართო ეკლექტიკური ელემენტები. ჩვენ აშკარად ის ხალხი ვიყავით, რომელსაც ყველაფრის შეცვლა სურდა. რა თქმა უნდა, როდესაც მენტალურ რევოლუციაზე ვლაპარაკობთ, უნდა ავღნიშნოთ თუ რა გზას ვადექით და როგორ გარდავიქმენით, რადგან ადამიანების უმეტესობა, რომლებიც რეფორმატორებად მოვიდნენ, არ წარმოადგენდნენ ქართულ ელიტას. უფრო მეტიც, ისინი, ძირითადად, იყვნენ ქალაქის გარეუბნებიდან, სოფლებიდან, შესაძლოა, სულაც ღარიბი ან საშუალო ფენის ოჯახებიდან. თუმცა, მათ უმეტესობას ჰქონდა დასავლური განათლება, ან თუ განათლება არა, დასავლური ღირებულებები -უდავოდ.
მათ გააკეთეს რაღაც რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რასაც მიჩვეული ვიყავით არა მარტო პოსტსაბჭოთა საქართველოში, არამედ მთლიანად, პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველო უკვე იმდენად იყო მოქცეული ნაჭუჭში, რომ ნელ-ნელა საბჭოთა პერიოდს უბრუნდებოდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში, არშემდგარ სახელმწიფოებს შორის საქართველო იყო ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე კრიმინალური და ყველაზე ადვილად მანიპულირებადი ქვეყანა.
საქართველო თანდათან არა მარტო საოცრად შეიცვალა, არამედ ახალი სტანდარტებიც შექმნა. მაგალითად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 98 პროცენტი (გამოკითხვებზე დაყრდნობით) ამბობს, რომ 6 წლის წინათ შეხება ქონდათ კორუფციასთან. უახლესი გამოკითხვების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ერთ ან ნახევარ პროცენტამდე დავიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ კორუფცია საერთოდ გაქრა იმ ადგილიდან, სადაც ის ყველაზე მეტად მძვინვარებდა. თუ შევეხებით კრიმინალის თემას, მსოფლიოში ორგანიზებული კრიმინალის 60 პროცენტი მოდის რუსეთსა და უკრაინაზე, ან აღმოსავლეთ ევროპის ცენტრში მდებარე ქვეყნები. ასევე, ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში ისლანდიის შემდეგ. ანუ გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე რეგიონის დანარჩენი ქვეყნები. ჩვენთან დანაშაული 40 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე საფრანგეთსა და გერმანიაში.
- როგორი იყო თქვენი ხედვა მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გახდით? გქონდათ თუ არა ნათელი ხედვა?
- ჩვენ გვინდოდა ძალიან სწრაფად მოგვეხდინა ცვლილებები. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ არ უნდა დავნებებულიყავით და არ უნდა წავსულიყავით კომპრომისზე. ასევე კარგად გვესმოდა, რომ ბევრი დრო არ გვქონდა და დრო ჩვენს წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან ხალხი ძალიან ბევრს მოელოდა ჩვენგან, აქედან გამომდინარე, ისინი აუცილებლად დარჩებოდნენ, გარკვეულწილად, იმედგაცრუებულიც კი იმის მიუხედავად თუ რა შედეგს მივაღწევდით. ამიტომ, რეალური შედეგისთვის უნდა მიგვეღწია და უპირველესად, საზოგადოება შეგვეცვალა, ვინაიდან ისეთ საზოგადოებაში რომ გაგვეგრძელებინა ცხოვრება, რომელსაც ძველი მენტალიტეტი აქვს ნიშნავს იმას, რომ რეფორმები დაგვახრჩობდა. ამიტომ, როდესაც თქვენ ხედავთ საქართველოს დღეს და ადარებთ რა იყო შვიდი წლის წინათ, განსხვავება აშკარაა. ეს ჩანს ადამიანების ქცევაში, მათ ჩაცმულობასა და მანერაში, ერთმანეთთან ურთიერთობაში, ცხოვრების აღქმაში, მათ შორის, იმაშიც, თუ როგორ აქღიქვამენ სახელმწიფო ინსტიტუტებს... ეს აღსანიშნავი ცვლილებაა და საქართველომ გიგანტური ნახტომი გააკეთა წინ. ისტორიულად, ეს ჩვენთვის მიღწევადი იყო, რადგან ჩვენ ვართ უძველესი, მრავალეთნიკური ერი, რომელსაც უდიდესი, მათ შორის, უარყოფითი გამოცდილება აქვს. ზოგადად, საკუთარი გამოცდილებით სწავლობ კიდეც, მაგრამ წარმოუდგენელი იყო ის, რომ ყველაფერი ასე სწრაფად შეიცვლებოდა.
- რაც შეეხება თქვენი ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და ბიზნესურთიერთობას ჩეხეთის რესპუბლიკასთან... ყოფილი პრეზიდენტი ჰაველი ხშირად ავლებს პოლიტიკურ პარალელებს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის. რას იტყოდით ამ პოლიტიკურ მსგავსებებთან დაკავშირებით?
- პრეზიდენტი ჰაველი საოცარი ადამიანია. ვფიქრობ, თუკი მხოლოდ ერთი დიდი პიროვნება შეიძლება დავასახელოთ ევროპაში მე-20 საუკუნის უდიდესი მომენტებიდან, ეს უდავოდ ჰაველია. მისი გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობის მიზეზი არის ის, რომ არასდროს დაუკარგავს სიმკვეთრე, ან რეალობის მწვავე განცდა... იგი არასდროს დანებებულა. ის არის ადამიანი, რომელიც არასდროს ცდილობს ხალხს იმაზე მეტად მოაწონოს თავი, ვიდრე რეალურად არის, როგორც ეს მრავალ ისტორიულ ლიდერს დაემართა. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ასეთ პოზიციაში ხარ. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა, როდესაც საქართველოში რუსეთი შემოიჭრა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ხმა აიმაღლა და სიმართლე თქვა. ჩვენ ვემადლიერებით ჩეხებს, რადგან მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს რეზოლუციას და მხარში ამოუდგნენ ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩეხეთის მთავრობა ბევრ დონეზე დაგვეხმარა. ჰაველის პოზიცია ძალზე ღირებული იყო ჩვენთვის, რადგან როდესაც ხარ საკუთარი არსებობისთვის მებრძოლი პატარა ერი, არ ელოდები, რომ ვინმე შენს დასახმარებლად გამოიქცევა. ანუ ჩვენ ამას არ ველოდებოდით. ძალზე მნიშვნელოვანია, თუ არის ვიღაც, ვინც ფიქრობს, რომ მართალი ხარ. ამ გადმოსახედიდან, ის, რაც ჰაველმა გააკეთა, ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საბრძოლო იარაღით დახმარება.
- რას ფიქრობთ თქვენს ბოლო საპრეზიდენტო ვადასთან დაკავშირებით?
- უპირველესად, ვფიქრობ, რომ ამ ვადის ამოწურვამდე კიდევ ორწელიწადნახევარია დარჩენილი, რაც ჩვენთვის შედარებით დიდი პერიოდია. რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ? ჩვენ ისეთი მეზობლის პირისპირ ვართ, რომელიც არ აღიარებს ჩვენს საზღვრებს, მთავრობას და არ ცნობს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს ძალზე სარისკო ვითარება და ეგზისტენციალური საკითხია. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არა ის, რომ ორწელიწადნახევარი გვაქვს დარჩენილი, არამედ ის, თუ სად ვართ რეფორმების თვალსაზრისით.
ჩვენ გადაგვაქვს პარლამენტი, საქართველოს მეორე ქალაქში სიდიდის მიხედვით. ის ძალაუფლება, რომელიც ამჟამად პრეზიდენტს აქვს, გადაგვაქვს პარლამენტის ხელში. ამით უფრო ვუახლოვდებით ევროპის სისტემას. ჩვენს შემთხვევაში, ეს დიდი საქმეა, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ ვახორციელებთ მთელ რიგ რადიკალურ სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს, რაც საკმაოდ გრძელვადიან შედეგს მოუტანს მრავალ თაობას და დადებითად იმოქმედებს საქართველოს მომავალზე. ეს ყველაფერი სწორედ ამ ორწელიწადნახევრის განმავლობაში მოხდება, რაც, თავის მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ, ჩვენ გვექნება ბევრად უფრო კოლექტიური და დაბალანსებული სახელისუფლებო სისტემა, რომელსაც მხოლოდ ერთი ლიდერი არ ეყოლება. პრეზიდენტი უდავოდ შეინარჩუნებს ძალაუფლების დიდ ნაწილს, მაგრამ პარლამენტს ექნება მთავრობის ფორმირებისა და გაკონტროლების უფლებამოსილება. თავის მხრივ, მთავრობა შეიძლება იყოს, როგორც ერთპარტიული ისე მრავალპარტიული. აქ იმდენი „თუ“ არის, რომ ვიფიქრო იმაზე, თუ სად ვიქნები მე, ძალიან ცოტა დრო მრჩება.
- თუ გაქვთ რაიმე ჰობი?
- რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ჰობის ვუწოდებ. რაიმე უსარგებლო ჰობი არ მაქვს. არ ვაგროვებ პეპლებს და საფოსტო მარკებს. ძალიან მხიბლავს არქიტექტურა, დაინტერესებული ვარ ყოველგვარი ტექნოლოგიური ინოვაციით და განათლებით. ყველგან, მათ შორის, ინტერნეტშიც ვეძებ სიახლეებს და ვფიქრობ, როგორ მოვარგო აქაურობას. მაგრამ არა, მაგალითად, თევზაობისთვის დრო არ მაქვს.