Google+

საქართველო მსოფლიო მედიაში

14.04.2012
The Washington Times: თბილისში ტეტჩერიზმი კვლავ ძლიერია 

ლიუკ კოფი

1987 წელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი მოსკოვს და თბილისს ესტუმრა. მან ეს მოგზაურობა პრემიერ-მინისტრობის პერიოდის „ყველაზე შთამბეჭდავ და  მნიშვნელოვან ვიზიტად“ აღწერა. რკინის ლედის ვიზიტმა სრულად გამოავლინა ის ბზარები, რომელიც საბჭოთა სისტემისთვის იყო დამახასიათებელი, რამაც საბოლოოდ გადააწყვეტინა მას პრეზიდენტ რეიგანთან ერთად კომუნიზმის ტირანიის დანგრევაზე ეზრუნა.

დღეს, 25 წლის შემდეგ თანამედროვე საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიაზე, თავისუფალ ბაზარზე, ძლიერ თავდაცვასა და თავისუფლებაზე ქალბატონი ტეტჩერის რწმენას ეფუძნება. პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა და გეზი მთლიანად ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ აიღო. მართალია, საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა ის სერიოზულ პროგრესს აღწევს. მისი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი მისი ანტიპოდია. იქ დემოკრატიული თავისუფლებების მხრივ რეგრესია; გაბატონებულია კორუფცია და მომავალი ბნელია. ვლადიმერ პუტინის რუსეთში ისეთივე ბზარებია, როგორიც 25 წლის წინათ საბჭოთა კავშირ ში შეიმჩნეოდა.

ვიდრე ქალბატონი ტეტჩერი ხელისუფლებაში მოვიდოდა, ბრიტანეთს ევროპის სნეულ ქვეყნად მიიჩნევდნენ. დღეს, მსოფლიოში სნეული თავად ევროპაა, თუმცა სწორედ ტეტჩერის პროგრამის (ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შეზღუდვისა და კორუფციასთან ბრძოლის) წყალობით, საქართველოში სერიოზული ეკონომიკური პროგრესია. მაგალითად, თუკი 2010 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6,6 პროცენტს შეადგენდა, 2011 წელს ის 3,7 პროცენტამდე შემცირდა. წელს მშპ-ს 5,5 პროცენტამდე გაზრდაა მოსალოდნელი. Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, საქართველო 184 ქვეყანას შორის 34-ე პოზიციას იკავებს – 2003 წელთან შედარებით ეს მკვეთრად გაუმჯობესებული  მაჩვენებელია, რადგან იმ პერიოდში ის 113-ე ადგილზე იყო. ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო 26 ევროპულ სახელმწიფოს, მათ შორის საფრანგეთს, ესპანეთს და ბელგიას უსწრებს.

საქართველომ უდიდეს წინსვლას მიაღწია ასევე კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2010 წლის კორუფციის გლობალურ ბარომეტრში ამ ფრონტზე წინსვლის თვალსაზრით, საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეყნად დასახელდა.

საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან სამხედრო რეფორმებს, რათა გარანტირებულად შეძლოს ეფექტიანი მოქმედება ნატოს მხარდამხარ იმის მიუხედავად, რომ ის ჯერ ალიანსის წევრი არ არის. მეტიც, საქართველო მშპ-ის დაახლოებით 4 პროცენტს თავდაცვის მიმართულებით ხარჯავს, რაც მისაბაძია ნატოს წევრი ქვეყნებისთვისაც კი, რომლებიც ამ მიზნით საშუალოდ მხოლოდ 1,6 პროცენტს ხარჯავენ.

მაშინ როდესაც, ნატოს წევრმა ბევრმა ქვეყანამ 2012 წლისთვის ავღანეთში საკუთარი დანაყოფების შემცირების თაობაზე განაცხადა, საქართველო წელს მისიაში მონაწილეობის მისაღებად დამატებით  აგზავნის სამხედროებს და ჰელმანდის პროვინციაში კონტრიბუციას აორმაგებს. ეს საქართველოს ISAF-ის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდ კონტრიბუტორ ქვეყნად აქცევს, რაც მოულოდნელი არ არის. როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ის ერაყში წარმომადგენლობის სიდიდით მეორე ქვეყანა იყო და მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩებოდა. როდესაც საქმე თავდაცვას შეეხება, საქართველო სერიოზული მოთამაშეა.

ბატონი სააკაშვილი საქართველოს რთულ ურთიერთობებს რუსეთთან პასუხისმგებლობით და პრაგმატულად უმკლავდება. მან ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ პირობა დადო – ის, რასაც რუსეთი არ აკეთებს. იცის რა გლობალური ეკონომიკის უპირატესობის ფასი, საქართველო პასუხისმგებლობით მოეკიდა ახლახან მიღწეულ შეთანხმებას, რომლითაც გზა გაუხსნა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

დასავლეთს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია იმისთვის, რომ წაახალისოს საქართველო შეინარჩუნოს რეფორმების გზა. ევროპულმა ქვეყნებმა ოფიციალურად უნდა აღიაროს ოკუპაციად რუსეთის მხრივ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ოკუპაცია. თუკი 10 000 რუს სამხედროს პერმანენტულად აქვს დაკავებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, მაშინ რა ჰქვია ამას თუ არა ოკუპაცია? დღემდე, ევროპული ქვეყნების უმრავლესობა დუმს. დიდი ბრიტანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები უნდა შეუერთდნენ საფრანგეთისა და შეერთებულ შტატების განცხადებებს და ცალსახად დაგმონ რუსეთის ოკუპაცია.

დასავლეთმა ასევე უნდა მიჰყიდოს თბილისს თავდაცვითი ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება. საქართველომ უსაფრთხოების საქმეში სანდო პარტნიორად წარმოაჩინა თავი ბალკანეთში, ერაყსა და ამჟამად, ავღანეთში. მისი არმია იმსახურებს ყველა საჭირო თავდაცვით შეიარაღებას. ქართველები, როგორც ჩანს საგონებელში ჩავარდნენ, როდესაც დაინახეს, რომ ლიბიელი აჯანყებულები (რომელთაგან ზოგიერთი ალ-ქაიდასთან კავშირშია ეჭვმიტანილი) უახლესი ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებით იყვნენ შეიარაღებული მაშინ, როდესაც დასავლეთი თბილისისთვის აუცილებელ შეიარაღებაზე უარის თქმას განაგრძობს. მეტიც, ჩიკაგოში 20-21 მაისის ნატოს სამიტზე, ალიანსმა კვლავ უნდა დაადასტუროს მისი მხარდაჭერა ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობის თაობაზე.  

საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი ევროატლანტიკური ამბიციების ხორცშესასხმელად, თუმცა რეალური პროგრესი მიღწეულია. პრინციპები, რომელთა ერთგულიც მარგარეტ ტეტჩერი 1987 წელს თბილისში ვიზიტის დროს იყო, დღესაც რეალისტურად ჟღერს. შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ შეიძლება ეფუძნებოდეს არც ურთიერთობის გადატვირთვას და არც სურვილების რეალობად წარმოჩენას. თუკი საქართველო ევროპის ხალხთა ოჯახში ინტეგრაციის ნაცვლად რუსულ ორბიტას დაუბრუნდება, დასავლეთი ამაში საკუთარი თავის გარდა ვერავის დაადანაშაულებს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code