საქართველოს პრეზიდენტი მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გენერალ შალიკაშვილის ოჯახს.
„ჯონი გახლდათ გამოჩენილი გენერალი, საკუთარი ქვეყნის საოცრად გამორჩეული პატრიოტი. ის იყო პირველი მაღალი რანგის ამერიკელი ოფიცერი, რომელიც შეერთებულ შტატებში არ დაბადებულა და ამის მიუხედავად, წარმოადგენდა ნიმუშს ამერიკული ოცნების აღსრულებისა. საკუთარი ქვეყნის მიმართ მისი განუზომელი სიყვარული მისაბაძი და სამაგალითო ხდებოდა თითოეული მისი თანამებრძოლისთვის.
ჯონი დაუღალავად იბრძოდა თავისი ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად, ისევე, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებისათვის მთელს მსოფლიოში.
აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში. მის ბრძნულ რჩევებზე აღიზარდა სამხედრო ლიდერთა მრავალი თაობა, რომელიც მას კვალდაკვალ მოყვებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯონი საქართველოში არ დაბადებულა, მას გულწრფელად უყვარდა თავის ისტორიული სამშობლო. ქართველ ხალხსაც განსაკუთრებულად ეამაყება, რომ ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი იყო არა მარტო ამერიკის, არამედ ამ ქვეყნის ღირსეული შვილიც. იგი არაერთხელ ჩამოსულა საქართველოში, რათა ჩვენი წარმატება გაეზიარებინა და შემდგომი მიღწევებისთვის ჩაეყარა საფუძველი. ამ დიდ მწუხარებას იზიარებს თითოეული ქართველი, - ის ქვეყანა, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ.
იგი სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც ჭეშმარიტი სახელმწიფო მოღვაწე და განსაკუთრებული პიროვნება", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ოჯახს გაუგზავნა.