საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

7/12/2011

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციული ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გააცნო.

„ჩვენ ვაფასებთ იმ მტკიცე და ტრადიციულ ურთიერთობას, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არის. ეს ურთიერთობა გამყარებულია არამხოლოდ სამართლებრივად - კონსტიტუციური შეთანხმებით, არამედ ქართული ეკლესიის ადგილითა და როლით ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა ამ ურთიერთობასთან", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამეტურ მნიშვნელობაზეც  გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება სწორედ ამ პრინციპის დასაცავად მიიღეს.

„ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში სხვადასხვა კონფესიებისა და აღმსარებლობის  თანამოქალაქეებს აძლევს უფლებას, იურიდიულად დაარეგისტრირონ თავიანთი რელიგიური ორგანიზაციები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ქონებრივი ან სხვა სადავო საკითხების გადაწყვეტასთან", - თქვა მან.

მანანა მანჯგალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაც გაახმაურა, რომელიც სრულ მზადყოფნას გამოთქვამს იმუშაოს ნებისმიერ საკითხზე - კომისიური მუშაობის ფარგლებში ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია  ის განმარტებები  რომლებიც  მიღებულ კანონთან დაკავშირებით, დღეს, სავარაუდოდ,  პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთდება", - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

მანანა მანჯგალაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფის დაკავების ფაქტსაც შეეხო და ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლისათვის მას მძიმე და შოკისმომგვრელი ფაქტი უწოდა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო უზარმაზარი დარტყმა  და ძალზე სამწუხარო ფაქტი პირდად პრეზიდენტისთვის. თუმცა ეს ახლა არის  კონკრეტული  სისხლის სამართლის საქმე... ამ თემასთან დაკავშირებით,  როგორც   პრეზდენტის ადმინისტრაციის, ისე შინაგან საქმეთა სამინტროსა  და მთავარი პროკურატურის მხრივ, მედიას  ინფორმაცია მთელი კვირის განმავლობაში  მიეწოდებოდა.  ჩვენი განცხადებებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  მოწოდებულ და გავცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობოდა. ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ  დამატებითი კომენტარების გაკეთება საჭირო არ არის. თუმცაღა, კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მათ დაკავებას არაფერი აქვს საერთო მედიის თავისუფლების თემასთან და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვასთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაკავებულთაგან ორი საჯარო მოხელეა და მათი დაპატიმრება არ უკავშირდება მათ პროფესიულ  საქმიანობას. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მოქმედი კანონმდებლობით არის დაცული. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ამჟამად, გამოძიება გრძელდება და სხვა სამართლებრივი  პროცედურები მიმდინარეობს" - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

აგრეთვე, მან კომენტარი გააკეთა იმ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინათ საქართველოში ჩამოსულ ებრაელ ტურისტებს შეემთხვათ, რომლის შედეგად ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მანანა მანჯგალაძემ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

მანანა მანჯგალაძე რუსეთში, მდინარე ვოლგაზე  მომხდარ ტრაგედიასაც შეეხო.

„როგორც იცით, თბომავალ „ბულგარიას" ჩაძირვის შედეგად  59 ადამიანი დაიღუპა,  ათობით ადამიანი კი -დაკარგულად ითვლება. ამ  შეთხვევას  კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ის ფაქტი, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. პრეზიდენტის სახელით მინდა გამოვხატო   მწუხარება  მომხდარის გამო და სამძიმარი  გამოვუცხადო  დაღუპულთა ოჯახებს", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.