საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება

5/31/2011

# 30/05/04   2011 წლის  30 მაისი, თბილისი

იმის გათვალისწინებით, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 აპრილის N18/04/05 განკარგულების შესაბამისად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის სამდივნოში კანდიდატების მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტებით არ დასტურდება მათი შესაბამისობა  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან, რის გამოც შეუძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კანდიდატურების შერჩევისა და მათი საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:

  • 1. 2011 წლის 1 ივნისიდან გამოცხადდეს ახალი ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
  • 2. სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში, 2011 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
  • 3. სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება.
  • 4. სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის ღია კონკურსის სამდივნოში (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. N1 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია) წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან  ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;

ბ) ავტობიოგრაფია ან CV;

გ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;

დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

ვ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო სამეურვეო საბჭოს წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს.

  • 5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 10 დღეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) კანდიდატების სიის გამოქვეყნება.
  • 6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღია კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას ღია კონკურსის სამდივნო და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები.
  • 7. ეს განკარგულება გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდებზე, ასევე გაზეთ „24 საათში". 

მიხეილ სააკაშვილი