საქართველოს პრეზიდენტი ეკვადორის კულტურის დღეების გახსნას დაესწრო

5/27/2011

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო  თეატრში საქართველოს პრეზიდენტი ეკვადორის კულტურის დღეების გახსნის ღონისძიებას დაესწრო. საღამოს ეკვადორის დელეგაციის წევრები, მოწვეული სტუმრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა. მისი თქმით, ეკვადორი მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანაა და მგავსი ღონისძიებები აუცილებელია, რათა ორმა ქვეყანამ ერთმანეთის კულტურაზე უფრო მეტი გაიგოს. მიხეილ სააკაშვილმა სტუმრებს ესპანურ ენაზეც მიმართა.  

„სამწუხაროდ, მსგავს კულტურულ ღონისძიებებზე იშვიათად დავდივარ. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო ფართოდ ამყარებს კავშირებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. საქართველოში მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის კულტურის დღეები პირველად იმართება. ამიტომ მოუცლელობა გვერდზე უნდა გადამედო  და აუცილებლად დავსწრებოდი ამ ღონისძიებას. ქვეყანა, რომლის დევიზია - სამშობლო ღმერთი, თავისუფლება - არ შეიძლება გასაგები არ იყოს საქართველოსთვის, არ შეიძლება საინტერესო  არ იყოს ჩვენთვის, მით უმეტეს, რომ ეს არის ქვეყანა ასევე ძალიან დიდი კულტურით, რომელსაც აქვს ძალზე საინტერესო თვითმყოფადი კინო, მუსიკა, მხატვრობა და ლიტერატურა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.  

ეკვადორის კულტურის დღეები საქართველოში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჩამოსული სტუმრები მოაწყობენ, როგორც ფოლკლორულ კონცერტებს, ისე გამოფენებს.  გაიმართება სამხრეთ-ამერიკელი კინორეჟისორების ფილმების ჩვენებაც. ეკვადორის დღეები ბათუმში გალა კონცერტით დასრულდება.