მიხეილ სააკაშვილმა ღვაწლმოსილი მეცნიერები დააჯილდოვა

5/25/2011

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ღვაწლმოსილი მეცნიერები დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა წარმატებული ნაშრომებისთვის ეროვნული და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები სოციალურ, ფილოსოფიის, მედიცინის, კულტურის, ფილოლოგიის, არქეოლოგიისა და კულტურის დარგებში მოღვაწე 19 მეცნიერს გადასცა. თითოეულ სფეროს მან დიდი ყურადღება დაუთმო და განსაკუთრებით აღნიშნა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა წვლილი ამ დარგის განვითარების თვალსაზრისით.      

 „მართლაც მიმაჩნია რომ ქართველებს აქვთ განსაკუთრებული ნიჭი სამედიცინო სფეროში და ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ტრადიციულად გვყავდა ძალიან სახელოვანი ექიმები, არამედ ისიც, რომ უცხოეთში წასული ქართველებიდან იმ ქვეყნის გამოცდებს ძალიან ბევრი ადვილად აბარებს, ადვილად პასუხობს მათ სტანდარტებს და იმ ქვეყნებში, სადაც მედიცინა ძალზე განვითარებულია, ჩქარა და მარტივად იკავებენ წამყვან პოზიციას. ჩვენი ამოცანაა ამ ხალხის უკან დაბრუნება. სწორედ ამისთვის არის ახალი სამედიცინო სისტემა და ამაში გვჭირდება თქვენი დახმარება. მთავარია, არც ერთი ადგილობრივი ნიჭიერი ადამიანი არ დაიკარგოს და არც ერთი შრომისუნარიანი ადამიანი არ აღმოჩნდეს საქმის გარეშე. იცით კიდეც, რომ საქართველოში 150-მდე ახალი კლინიკა შენდება. დავაბრუნოთ ჩვენი ექიმები უცხოეთიდან და სამედიცინო სფეროს განვითარების მხრივ, ჩვენ ვიქნებით არა მხოლოდ მეორე ან მესამე ხარისხოვანი ქვეყანა, არამედ პირველ ხარისხოვანი ქვეყანა გავხდებით. მედიცინის თვალსაზრისით, ჩვენ უნდა გავხდეთ ამ რეგიონის ცენტრი და თუ ყველანი კარგად ვიმუშავებთ, ამის გაკეთება რეალურად განხორციელებადია," - აღნიშნა მნიხეილ სააკაშვილამ.

პრეზიდენტის სასახლეში მიწვეულ მეცნიერებსა და მოღვაწეებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიებიც გადასცეს. მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო დონის საოპერო ვარსკვლავი ლადო ათანელი დააჯილდოვა. იმის გამო, რომ მომღერალი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ჯილდო მის წარმომადგენელს გადაეცა.

„ძალიან მომწონს ლადო არა მხოლოდ როგორც მომღერალი, არამედ როგორც ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი. საკუთარი ნიჭი მან სოფლის ეკლესიაში გამოავლინა, როგორც  მგალობელმა. ლადომ თავის ნიჭით გაიკვალა გზა და  მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი გახდა, მაგრამ ძალიან მომწონს ის, რომ იგი არც მათ ივიწყებს, ვისაც გზა ჯერაც  გასაკვალი აქვს. ჩვენს კონსერვატორიასა და მუსიკალურ სასწავლებლებში მან უამრავი ტალანტი აღმოაჩინა. მუდმივად იბრძვის მათთვის იმ სფეროში, სადაც კონკურენცია დიდია და მთელ რიგ შემთხვევევბში, ხალხი ერთმანეთს ძირავს კიდეც. იგი დაუღალავად, მუდმივად ეძებს ახალ ვარსკვლავებსა და ტალანტებს. ამ მხრივ, მისი ვარსკვლავი კიდევ უფრო ბრწყინვალეა და კიდევ უფრო განსაკუთრებული.

 

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ფილოლოგ თენგიზ კვაჭანტირაძესაც გადაეცა. ელექტრონული სახელმძღვანელო ლექციების ციკლი „ტელესასიტყვეთის" გამოცემისთვის რომელიც 20 კომპაკტდისკისგან შედგება. საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებულად აღნიშნა ფილოლოგ თამაზ კვაჭანტირაძის დამსახურება ახალგაზრდა თაობის წინაშე და ყურადღება იმაზეც გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ელექტრონული გაკვეთილები ჩვენი უცხოელი თანამემამულეებისთვის.

„იყო წლები, როდესაც ყველაზე ძნელი ჩასაბარებელი იყო ქართული ენა და ლიტერატურა. ამ საგნის ჩასაბარებლად უამრავი რეპეტიტორი, ფული და პატრონი გჭირდებოდა. ბატონი თამაზი, გარკვეულწილად, რაინდი იყო, რადგან იგი  ტელევიზიით, უფრო კვალიფიციურადაც კი, ვიდრე ძვირი სიამოვნების მომნიჭებელი რეპეტიტორები და მასწავლებლები, სრულიად უფასოდ ანათლებდა ჩვენი საზოგადოების ყველაზე ნიჭიერ ნაწილს. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მას ენიჭება არა მარტო იმისთვის, რასაც მაშინ აკეთებდა, არამედ იმისთვის, რომ ხელახლა გამოსცა ელექტრონული გაკვეთილების აუდიო და სატელევიზიო კრებული, რომელსაც ფაქტობრივად, იტაცებენ; ასევე იმისთვის, რომ აღადგინა კიდეც სატელევიზიო გაკვეთილები. ამ კრებულის ხელახლა გამოცემა აქტუალური და პოპულარულია, როგორც არასდროს, რადგა მას დიდი საგანამანათლებლო მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით იმ ქართველებისთვის, იმ თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად უცხოეთში არიან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტთან თამაზ კვაჭანტირაძე ხელცარიელი არ მისულა. ახლადგამოცემული აუდიო და სატელევიზიო გაკვეთილების კრებული, პრეზიდენტს კომპაქტდისკების სახით გადასცა. როგორც ფილოლოგმა აღნიშნა, მართალია, პირველ ლედის ქართული ენის გაკვეთილები აღარ ესაჭიროება, მაგრამ მათი საშუალებით, უმცროს სააკაშვილებს ტელესასიტყვეთში კარგი მეგზური ეყოლებათ. 

დაჯილდოების ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.