საქართველოს პრეზიდენტმა რიყის პარკში მუსიკისა და დრამის თეატრის და საგამოფენო დარბაზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

5/24/2011

საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისის მერთან ერთად ახლადგანაშენიანებული რიყის პარკი დაათვალიერა და მის მიმდებარედ, მუსიკისა და დრამის თეატრის და საგამოფენო დარბაზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ამ პროექტის ავტორი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი არქიტექტორი  მასიმილიანო ფუქსასია.  

„როდესაც ეს პროექტი პირველად გამოჩნდა, ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენეს, ისევე როგორც მშვიდობის ხიდის აშენების დროს ატყდა, რომელსაც ხან რა უწოდეს და ხან - რა. არადა, ამდენი ათწლეულის განმავლობაში არაფერი არ აშენებულა და ეს არავის არ აწუხებდა. უფრო მეტიც, უამრავი მახინჯი შენობა იყო დადგმული, რომლებიც მე და გიგი უგულავამ, რა თქმა უნდა, სამართლიანად მოვშალეთ. რაც მთავარია, ამ თეატრსა და საგამოფენო დარბაზს ის ხალხი ლანძღავს, რომელსაც სიმახინჯეები აქვთ გაკეთებული და უზარმაზარი ქრთამები აქვთ აღებული არასწორად გაცემულ ნებართვებში. კარგად ვიცი რაც ღირდა ქალაქში პროექტის დამტკიცება, ვინ რამდენ ფულს იღებდა და ვის რა წილი ჰქონდა. თუმცა ეს ხალხი უცხოელ  სტუმრები ამ ხიდსაც ჩვენებენ და პრეზიდენტის სასახლისკენაც მიუთითებენ-ხოლმე. ე.ი. გულში მაინც ეამაყებათ. ამ ობიექტებით მთელი საქართველო ამაყობს. ამ თეატრით ყველა უფრო მეტად ვიამაყებთ,  რადგან რასაც ახლა საფუძველი ჩავუყარეთ, მართლაც ეპოქალური - 21-ე საუკუნის საუკეთესო არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამდენი გაჭირვების ფონზე ამის დრო არ არისო, მაგრამ გაჭირვებიდან ამოსვლის ყველაზე მარტივი გზა სწრაფი წინსვლაა. თუ საქმეს სანახევროდ და „სხვათა შორის" მივუდგებით, ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, მაღალხარისხიანი, საშვილთაშვილო და ყველასთვის საამაყო უნდა იყოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.   

მიხეილ სააკაშვილმა პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, სამგანზომილებიანი გამოსახულებების მოძრავი მუსიკალური შადრევანიც ნახა, რომელიც მთავარი საფეხმავლო მოედნით, „მშვიდობის ხიდსა" და ავლაბრის გვირაბის ახალი სეგმენტის სახურავზე მოწყობილ პრომენადეს უკავშირდება.

რიყის პარკს საქართველოს რუკის ფორმა აქვს და თითოეული რეგიონი ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკებით უკავშირდება. ტერიტორიაზე მცირე საბავშვო  მოედნები,  დასასვენებელი ადგილები და ამფითეატრი მოეწყო, სადაც სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიება გაიმართება.

რიყის სრული რეაბილიტაციის პროგრამა 2012 წელს დასრულდება, თუმცა დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს პარკში მოსვლა უკვე შეუძლიათ.