საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ხუთვარსკვლავიან სასტუმროს მშენებლობას საძირკველი ჩაუყარა

12/30/2010

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსის "სემირამიდას ბაღების" მშენებლობას საფუძველი  ჩაუყარა. 120-ნომრიანი სასტუმრო ზღვისპირა სკვერში 20 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება და ის 11 სართულიანი იქნება. კომპლექსი ღია და დახურულ აუზებს, რესტორნებს, ღამის კლუბებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრებს აერთიანებს.

"იმ ადგილზე, სადაც საბჭოთა კავშირი აშენებდა საშინელ და მახინჯ შენობებს და სადაც ბოლო 4 წელიწადი ლევან ვარშალომიძე ახალ, ძალიან ლამაზ ბულვარს აშენებს, დღეს იწყება ნამდვილი მარგალიტის, ახალი სასტუმროს მშენებლობა. ეს სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იქნება იმათგან, რაც მსოფლიოს მასშტაბით მინახავს. ქართველი არქიტექტორის დაპროექტებული შენობის კარკასი მომავალი წლის დამლევს დასრულებული იქნება და, იმედია, 2012 წელს სასტუმრო გაიხსნება კიდეც. მინდა გვესმოდეს რამხელა სასწაული ხდება ბათუმსა და მთლიანად საქართველოში. ჩვენ ხშირად არ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს. ამას წინათ, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მილიარდელმა, რომელიც სამი კვირა ცხოვრობდა ქობულეთში, სასტუმრო "ჯორჯია პალასში", მითხრა (ამ სასტუმროს მფლობელმა თემურ ჭყონიამ ეს იცის), რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი სასტუმროა მსოფლიოში. ასევე, ერთ-ერთ სამიტზე ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერმა მითხრა: გაოგნებული ვარ ბათუმითო. ეს მან, რა თქმა უნდა, ტელევიზიით იცის, რადგან ბათუმში არ ყოფილა. ამ შემოდგომით ერთ-ერთი ლათინო-ამერიკული ქვეყნის ლიდერმა ისიც კი მკითხა, იმ ადგილის მშენებლობა დაიწყეთ თუ არა, თხილამურებით რომ შეიძლება სრიალიო. ეს ჩემთვის გამაოგნებელი იყო.

საქართველო ტერიტორიულად მცირე ქვეყანაა, მაგრამ აქ ბევრი სასწაული ხდება. ეს სასწაულები შენიღბული და დამალული იყო და მას ვერც ვიყენებდით და ვერც ვანვითარებდით.  ჩვენი მოდერნიზაციის ფარგლებში მთავარია ის, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა მთელი ძალით ავამუშაოთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, დამატებით სამუშაო ადგილების შესაქმნელად, შემოსავლის გასაზრდელად და იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იამაყონ დღესაც და ასწლეულების განმავლობაშიც. ჯერ კიდევ ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემა გვაქვს და კარგად ვხედავ, რომ ამ მშენებლობების მიღმა კორპუსებში ბევრი უმუშევარი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ეს დროებითია და ამან არ უნდა დაბინდოს მთავარი პერსპექტივა ამ ხალხისა და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ყველაფერი რაც იქმნება, იმ სიღარიბეს და უიმედობას მოუღებს ბოლოს, რომელიც აქ ასწლეულების განმავლობაში სუფევდა. მინდა მოგილოცოთ მშენებლობის დაწყება. ჩვენი პრინციპია სიტყვა და სიტყვიდან საქმეზე გადასვლა. დღეს დილით მესტიაში ინვესტორებს ვაჩვენებდით ადგილებს, სადაც სასტუმროების მშენებლობები დაიწყება. შუადღეს კი, აქ ვიწყებთ ძალიან დიდ მშენებლობას. ამ მიწაში ჩადებული ფული, ამ ხალხის კეთილდღეობაში ჩადებული ფულია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა - „ეს ერთი და სხვა მრავალი! დროა სიტყვიდან საქმეზე გადავიდეთ - "საქმე ლაპარაკის ნაცვლად"!

სასტუმრო-კომპლექსს აზერბაიჯანული კომპანია "დია ჰოლდინგი" აშენებს. მშენებლობაში 35 მილიონი დოლარის ინვესტიციები ჩაიდება. "სემირამიდას ბაღები" ქართველმა არქიტექტორებმა ზაზა კვირკველიამ და ვაჟა ორბელიძემ დააპროექტეს.