საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში განახლებული ოპერისა და "მიუზიქჰოლის" შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

12/29/2010

დღეს ქუთაისში ბალანჩივაძეების სახელობის განახლებული ოპერისა და "მიუზიკჰოლის" შენობის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. განახლებული თეატრი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის შექმნილი საგალობლებით გაიხსნა. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა კათოლიკოს პატრიარქი შოთა რუსთაველის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა.  როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოში ხატწერისა და სასულიერო მუსიკის აღდგენა სწორედ უწმინდესისა და უნეტარესის დამსახურებაა.

„დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა. ეს დღე განსაკუთრებულია იმის გამო, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევიგრძენით და დავინახეთ, თუ რამხელა პოტენციალის მატარებელია ქუთაისი.  გული მიკვდებოდა, როდესაც აქ  ჩამოვდიოდი და წლების განმავლობაში ვხედავდი ჩამონგრეულ, გაუბედურებულ შენობებს, დაცარიელებულ ქალაქს და უიმედობას ხალხის თვალებში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უნდა გაჩნდეს შესაძლებლობები და მოვიდეს დრო, როდესაც ქუთაისი აღორძინდება. ჩემს წარმოდგენაში ქუთაისის აღორძინება დანარჩენი საქართველოს საბოლოო აღორძინების და გამთლიანების დასაწყისი და ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ასე იყო ისტორიულად და ასე არის ჩვენს ეპოქაშიც და მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი ნამდვილად დაიწყო. თუკი რამეა ქუთაისის აღორძინების სიმბოლო, სწორედ ოპერის ეს თეატრია - მუსიკის ეს დიდი ცენტრი. მსოფლიო კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი - ქართული კლასიკური მუსიკის სკოლა დაიბადა აქ, აქვე აიდგა ფეხი და მსოფლიოს წინაშე იმ სახით წარსდგა, როგორც არის საქართველოს მუსიკალურ დედაქალაქში, ჩვენს ქუთაისში. აქედან არიან ზაქარია ფალიაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე და მისი ორი ვაჟი, ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი სხვა მოღვაწე, მომღერალი, კომპოზიტორი. თქვენ ნახეთ, როგორი ახალი თაობა გვყავს, ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ იდგამენ ფეხს და გადიან საერთაშორისო ასპარეზზე. 

2011 წელს ქუთაისში დამთავრდება პარლამენტის და მთავრობის ახალი კანცელარიის მშენებლობები. აქ გაიხსნება ახალი საწარმოები. ჩვენ დავამთავრებთ ბაგრატის ტაძრის აღდგენის ძირითად ეტაპს. ქუთაისის გარშემო ძალიან დიდი კულტურული ინფრასტრუქტურა შენდება. იცით, რომ ძალიან ბევრი ტურისტული ობიექტი კეთდება და იმედი გვაქვს, რომ წყალტუბოს სერიოზულ აღორძინებას დავიწყებთ. წყალტუბო საქართველოს განსაკუთრებული კურორტია. რაც მთავარია, ქუთაისში უნდა მთელი ძალით უნდა ჩქეფდეს სიცოცხლე, რადგან ეს ქალაქი დიდი ხნის მონატრებულია სრულფასოვან საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კულტურულ ცხოვრებას და უნდა დაიბრუნოს ეს ფუნქციები. აქ ამის პოტენციალი ნამდვილად არის და ყოველივე ეს უკვე იქმნება. დღეს ჩვენ ვხსნით ქუთაისის მთლიანად, ძირფესვიანად განახლებული ოპერის თეატრს, რომელიც ძირფესვიანად შეითავსებს მიუზიკჰოლს, რადგან, იმედია, სხვადასხვა მუსიკალური წარმოდგენებიც გაიმართება. აქ ძალიან კარგი კოლექტივია, რომელიც ამის ორგანიზებას ჩვენი პატრიარქის მუსიკალური ნაწარმოებებით გააკეთებს. მინდა გითხრათ, რომ პირადად მე წლების განმავლობაში ვუსმენდი ამ ნაწარმოებებს და არ ვიცოდი რომ მათი ავტორი უწმინდესი და უნეტარესი იყო. იმდენად ორგანული და საინტერესოა მისი ნაწარმოებები, რომ ბოლომდე მსოფლიოს რომელიღაც კლასიკოსი კომპოზიტორის შემოქმედება მეგონა. მინდა ყველამ გავიხსენოთ 1977 წელი, 33 წლის წინანდელი პერიოდი, როდესაც მისი უწმინდესობა სათავეში ჩაუდგა ჩვენს ეკლესიას. ეს იყო წლები,  როდესაც პარტიული ნომენკლატურის ერთი ნაწილის შვილები მკაცრად დადიოდნენ მხოლოდ რუსულ სკოლებში, როდესაც ყოველმხრივ იყო წახალისებული ყველაფერი ქართულის უარყოფა. ამას ზოგჯერ ნეგატიურ მოვლენას უწოდებდნენ, ზოგჯერ კი სხვა რამ ერქვა, მაგრამ სუსლოვი და სხვა საბჭოთა ჩინოვნიკები ჩვენს იდენტურობას, პრაქტიკულად, საყოველთაოდ ავიწროებდნენ. ეს იყო პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტად დაგვაზარალეს არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ საქართველოს დედაქალაქში, სხვა ქალაქებში, მათ შორის,  ქუთაისშიც. თქვენ ეს პერიოდი კარგად გახსოვთ. ამ დროს, ჩვენი ეკლესიის სათავეში მოდის ადამიანი, რომელსაც, წესით, არ უნდა ჰქონოდა ყოველივე ამის უკან შემობრუნების შესაძლებლობა. მახსოვს, მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ჩვენთვის ნაცნობმა ძალიან საინტერესო ადამიანებმა, დაიწყეს ეკლესიაში სიარული და საოცარი ამბები მოჰქონდათ სიონიდან თუ სხვა ქართული ტაძრებიდან, რომლებშიც სულიერი ცხოვრება თანდათან განახლდა. მინდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ მთავარი, რის გამოც საქართველო აგრძელებს განვითარებას, რატომაც ეს საოცარი შემოქმედება იქმნება არის ის, რომ პრაქტიკულად, ყველა ყოფილი საბჭოთა, კოლონიზებული და დამონებული რესპუბლიკისგან  განსხვავებით,  საქართველომ შეინარჩუნა თავისი, ძალიან ძლიერი იდენტურობა, რომელიც განასხვავებს მას იმპერიული კულტურისგან და იმპერიული მემკვიდრეობისგან. ეს საშუალებას აძლევს მას, რომ კვლავ დადგეს ფეხზე, გაწიოს წინააღმდეგობა და აჩვენოს ალტერნატიული განვითარების მაგალითი; აჩვენოს რას ნიშნავს იყო შინაგანად თავისუფალი, წელში გამართული, სრულფასოვანი ერი. ამ იდენტურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ეკლესია, მაგრამ ჩვენი ეკლესია თავისთავად ვერ იქნებოდა, რომ არა მისი წინამძღოლი.

XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ შეძლო აბსოლუტურად ახალი ქართული იდენტურობის ჩამოყალიბება, რომელიც ეფუძნებოდა ჩვენ მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს თავისთავად. თუმცა XIX საუკუნეში იმის გამო, რომ ჩვენი არისტოკრატია კორუმპირებული იყო, ჩინ-მედლებით მოისყიდეს ჩვენი ერის მაშინდელი ელიტა და, პრაქტიკულად, ხალხი თანდათან შორდებოდა თავის ფუძეებს, მოვიდა ადამიანი, რომელმაც თქვა: მე ამ ყველაფერზე უარს ვამბობ, ჩვენ უნდა შევკრათ საქართველო. მაშინ სახელმწიფოებრიობა არ გვქონდა, მაგრამ ილია ჭავჭავაძემ ყველაზე რთულ პირობებში მოახერხა ქართული იდენტურობის აღორძინება და გაცოცხლება.

ზუსტად ასევე 70-იან წლებში ყველაზე მეტად დაემუქრა საფრთხე საქართველოს იდენტურობას, მოვიდა მეორე ილია - ილია II, რომელმაც, თუ დავუფიქრდებით და გავაანალიზებთ რა მოხდა 70-იან წლებში, ზუსტად იგივე გააკეთა. ჩვენ ბევრჯერ წავბორძიკდით, ბევრჯერ შევცდით, ბევრი უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ ამ იდენტურობამ მოგვიყვანა აქამდე და სწორედ ჩვენი იდენტურობა გააერთიანებს საბოლოოდ საქართველოს. 33 წელია, რაც ჩვენი პატრიარქი მოღვაწეობს ამ უმაღლეს სასულიერო მწვერვალზე, მაგრამ ადამიანის ასაკი განისაზღვრება არა ფიზიკური წლებით, არა მისი მოღვაწეობის თუ სადმე ყოფნის წლების რაოდენობით, არამედ იმით, თუ რამდენად შეუძლია მას განახლება და რაღაც ახლის შექმნა; რამდენად შეუძლია მას აუწყოს ფეხი ახალ ცხოვრებას. თუ ადამიანს შეუძლია იყოს ამ ცხოვრების წინა ფლანგზე და მუდმივად შექმნას ახალი, ის არის ახალგაზრდა. "ავე მარია", რომელიც დღეს აქ მოისმინეთ, სულ რამდენიმე თვის წინათ შეიქმნა. ამის მომსწრე პირადად ვიყავი და საკუთარი თვალით ვნახე გერმანიაში, როგორ იქმნებოდა ის. ის შექმნილია ძალიან დამსახურებული, უდიდესი ქართველი მოღვაწის და მუდამ ახალგაზრდა ადამიანის, ილია II-ის მიერ. მაშინ, როდესაც ქართული კულტურა არავის ანაღვლებდა, ჩვენმა პატრიარქმა საპატრიარქოში ჩამოაყალიბა საუკეთესო გუნდი და მუდმივად აწყობდა კონცერტებს. მან საკუთარი ხელით დაიწყო ქართული ხატწერის აღორძინება. მე-19 საუკუნეში გვინადგურებდნენ ხატწერის ნიმუშებს - საღებავის 200 ფენა დაადეს ჩვენს ხატებს, ეკლესიებს, ისევე, როგორც რამდენიმე დღის წინათ ილორში გადაღებეს ჩვენი ეკლესია. ჩვენი პატრიარქი ამ დროს, საკუთარი ხელი ქმნიდა ხატებს. რომ არა მისი მოღვაწეობა, რომ არა ჩვენი იდენტურობა, ჩვენი კულტურა ვერ აღორძინდებოდა. ამიტომ, მინდა სხვა კუთხით შევხედოთ მის დიდ სასულიერო მოღვაწეობას და იმ საოცარ სისუფთავეს, რომელიც მას ახასიათებს.   

მინდა გაგაცნოთ ძალიან ავტორიტეტული სახელმწიფო კომისიის - შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის საბჭოს გადაწყვეტილება: თანამედროვე ქართული ხატწერისა და სასულიერო მუსიკის შექმნის და განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თავისუფლების, პატრიოტიზმის და ჰუმანიზმის იდეებით გამსჭვალული მოღვაწეობისთვის ენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და ჯილდოვდება ოქროს მედლით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა დაასრულა სცენაზე კათოლიკოს პატრიარქი ავიდა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის და პრეზიდენტი და სრულიად  საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დალოცა.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა, მადლობელი ვარ ასეთი შეფასებისათვის. მინდა ვთქვა, რომ თითოეულ ჩვენგანში არის ქართული გენი და თუ ქართული გენი გამოვლინდა მას შეუძლია უნიკალური ნაწარმოებები შექმნას  და უნიკალური  საქმეები გააკეთოს.  როდესაც წმინდა სამების ტაძარი აშენდა, მე ვთქვი, რომ ქართველმა ხალხმა ააშენა თავისი ავტოპორტრეტი. ასე რომ, აქ არაფერი არაა საკვირველი.  საკვირველი ის არის, რომ ზოგიერთი ვერ ავლენს ნიჭს, რომელიც მასშია და თქვენი დახმარებით ეს უნდა გამოვლინდეს", აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა.

ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და მიუზიქჰოლის შენობის მშენებლობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთლიანად განახლდა და შეიცვალა როგორც გარე ფასადი, ისე შენობის შიდა ნაწილი.