საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გომბორის 55 კილომეტრიანი ასფალტ-ბეტონის გზის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. თბილისიდან თელავამდე, პრეზიდენტი სწორედ ამ გზით ჩავიდა. იგი კმაყოფილი დარჩა შესრულებული სამუშაოებით, რადგან ამიერიდან თბილისიდან თელავამდე ჩასვლა ერთი საათით ნაკლებ დროშია შესაძლებელი. აღნიშნულ გზაზე აშენდა ორი ახალი ხიდი, ოთხს კი, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში ეს გზა დაკეტილი იყო და მნისვნელოვანი ის, რომ ძველი ვიწრო და საშიში გზა საგრძნობლად გაფართოვდა.
გომბორის გზის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და თელავამდე გზა ერთი საათით შემცირდა. დასრულებული სამუშაოები პრეზიდენტმა დაათვალიერა.
„როდესაც აქ გია არსენიშვილი იყრიდა კენჭს, კახელებს სწორედ ამ გზის აღდგენას დაპირდა. გია აქ გუბერნატორი იყო და მართლაც ძალიან გვიყვარს. მისი მთავარი წინაასარჩევნო დაპირება იყო აქ გზის გამოყვანა. მინდა რომ ყველას ახსოვდეს - ჩვენს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებთ, ჩვენი დეპუტატები საკუთარ დაპირებებს ყოველთვის ასრულებენ. არ ყოფილა მომენტი, რომ ბატონ გიას ეს არ შეეხსენებინა ჩემთვის. სხვა რომ არაფერი ვთქვა, მრცხვენოდა კიდეც მასთან შეხვედრა ეს გზა რომ არ დასრულებულიყო. აი, რას ნიშნავს როდესაც მთავრობა, დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლება, სხვადასხვა უწყებები ერთად მუშაობს. დაპირებები ასე სრულდება. მინდა ბატონ გიას და ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს განუცხადა, მომავალი წლის აგვისტოსთვის იგეგმება კიდევ ერთი ახალი, 27 კილომეტრიანი გზის გაყვანა გომბორიდან სიონის მიმართულებით.
„წინა წლების განმავლობაში ჩემი შვილი ხშირად დადიოდა სიონში და სულ იყო გზის პრობლემა. სიონში ჩვენ გავაკეთებინეთ ტენისის კორტები, სხვადასხა სპორტული მოედნები, შევაკეთეთ წყლის სისტემები. სიონი ძალზე მნიშვნელოვანი კურორტია თბილისელებისთვის. გომბორის გადასახვევით, ახალი გზით სიონში ჩასვლა ნახევარ საათში გახდება შესაძლებელი. იგივე ხდება ფარავანზეც. თბილისთან ახლოს ერთი კურორტი იქნება სიონი, ხოლო ცოტა მოშორებით - ფარავანი. ახალი გზით, თბილისელებისთვის წარმოუდგენელი პერსპექტივა ჩნდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.