საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები ჰარვარდის კლუბში განაგრძო

9/23/2010

დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ნიუ იორკში ვიზიტის მეოთხე დღეა. პრეზიდენტმა ქვეყნის წარმატების მთავარ მიზეზებზე ჰარვარდის კლუბში შეხვედრის დროს გაამახვილა ყურადღება. გამოსვლისას, ძირითადად, საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა. მისასალმებელი სიტყვის ძირითადი ნაწილი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შეეხებოდა. მისი განცხადებით, რეფორმებზე ორიენტირებულმა მთავრობამ შესაძლებლობები ხელიდან არ უნდა გაუშვას. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მაღალი რეიტინგი ხელისუფლებისთვის კრედიტია, რომელიც მან რეფორმების განხორციელებაზე უნდა დახარჯოს.

„ჩვენს მოქმედებაში მთავარი ის იყო, რომ ვიცოდით, დრო ძალიან ცოტა გვქონდა. ბრძოლის პარალელურად, ყოველთვის ზევით მივიწევდით. გვინდოდა, რომ  ყველაფერის მიუხედავად, წარმატებისთვის მიგვეღწია. ჩვენი აზროვნება ამგვარი იყო - ან ძალიან წარმატებული უნდა ვყოფილიყავით, ან საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავით. ამას ვფიქრობდით არა რომელიმე კონკრეტულ პირზე, არამედ მთელ ქვეყანაზე. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ამოძრავებს ქვეყანას. შესაძლებლობები ძალიან მცირეა და ერთადერთი, რასაც ვნანობ ისაა, რომ, ხანდახან, ზოგიერთ რეფორმებს ვთმობ და მათი გადადება მიწევს. უკანასკნელი, რაზეც უნდა ზრუნავდე ნებისმიერი დემოკრატიის პირობებში, არის პირადი პოპულარობა. პოლიტიკა ასეთია - ხან ზემოთ ადიხარ, ხან კი ქვემოთ ჩამოდიხარ. ამაზე არ უნდა ინერვიულო, რადგან თუ საკმარისად ჭკვიანი ხარ, თანდათან ახვალ ზემოთ, მთავარია მომავალ არჩევნებზე ფორმა შეინარჩუნო. თუ პოპულარობას მხოლოდ საკუთარი თავისთვის იყენებ, ეს არაფერს ნიშნავს. ის მხოლოდ იმის საშუალებაა, რომ რეფორმები განახორციელო. მე არ მჯერა დიდი მთავრობის. შეიძლება გქონდეს კარგი განზრახვები,  მაგრამ დიდმა მთავრობამ მათი განხორციელება შეანელოს. ჩვენ გვჭირდება ძალიან ეფექტური, ძლიერი, მაგრამ მცირერიცხოვანი მთავრობა. ეს არის მთავარი. ყველა სირთულის მიუხედავად ჩვენ უნდა მივაღწიოთ წარმატებას. შეხედეთ, რა გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს ქვეყანას, რა გამოწვევების წინაშე დგას ის და მაინც, ყველაზე დიდი ზრდა ამ წელს ინვესტიციების თვალსაზრისით გვქონდა. დონალდ ტრამპმა განაცხადა თბილისის ცენტრში ცათამბჯენის აშენების თაობაზე. ორი კვირის წინ ძველი მეგობარი მესტუმრა, ის თავისუფალ კურორტს აშენებს საქართველოში. აქ ახლა უნიკალური ატმოსფერო სუფევს. ეს იგრძნობა და სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. მინდა მოგიწოდოთ, რომ ჩამოხვიდეთ და თავად ნახოთ ის, რაზეც გესაუბრებით. ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ხართ, მაგრამ საქართველო არც ისე შორსაა, როგორც გგონიათ", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას.

ერთ-ერთმა ქალბატონმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დავითისა და გოლიათის ბრძოლას შეადარა და დაინტერესდა როგორ მოახერხა საქართველომ ამ პირობებში ისეთი ურთიერთობისა და პოზიციის შენარჩუნება, რომ ქვეყანამ განვითარების გაგრძელება შეძლო.  
„რაც მოხდა ძალიან დამახასიათაებელია იმ სივრცისთვის, სადაც ვმოქმედებთ. ვფიქრობ, ჩვენ კლასში საუკეთესო მოსწავლე ვიყავით, ჩვენს მოწინააღმდეგეს კი ეს აღიზიანებდა. როდესაც ხედავდა როგორ პატივისცემას იმსახურებდა ეს საუკეთესო მოსწავლე, მის დამცირებას ცდილობდა. ერთხელაც, შევეცადეთ წინააღმდეგობა გაგვეწია, მაგრამ ამას დიდი შეტაკება მოჰყვა, შემდეგ, სამეზობლოში პოლიციამაც შემოიხედა და ჩვენ განვცალკევდით. „ბიჭი"ირწმუნებოდა, რომ კისერს მოგვტეხდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ ძალიან სწრაფად გავაგრძელეთ განვითარება. მეზობელი კი გვიყურებდა და ფიქრობდა: თუ პატარა ბიჭი ასე ვითარდება, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია იგივეს მივაღწიოთ? თანდათან, ამ გოლიათმა შესაძლოა იფიქროს, რომ არსებობს სხვა უფრო პატივსაცემი გზა, ვიდრე ვინმესთვის კისრის მოტეხვაა. ჩემი თვალსაზრისით, რუსებს ესმით, რომ მათ მოდერნიზება და ცვლილება სჭირდებათ. რუსეთში ბევრი ადამიანი, და არა მხოლოდ მარგინალური ოპოზიციური ფიგურა, ამბობს, რომ საქართველომ - ერთ დროს ყველაზე კორუმპირებულმა და კრიმინალურმა ქვეყანამ, სადაც ყოველთვის სიამოვნებდათ ჩასვლა,  ეს მოახერხა. საქართველო ჰგავდა უდავოდ კარგ ადგილს - იტალიის სამხრეთს, სადაც არ არის კანონის უზენაესობა და ეკონომიკური წარმატება. ჩვენც ასევე ვიყავით. რუსეთში ამბობენ, თუ მათ შეძლეს წარმატების მიღწევა, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ ეს? ვფიქრობ, თანდათანობით სწორედ ეს იქნება პრობლემის მოგვარების გზა. შემთხვევითი არ არის, რომ ხშირად ვახსენებ სინგაპურს. სინგაპურსაც მსგავსი ისტორია ჰქონდა ჩინეთთან. ჩინეთი ვერ იტანდა იმას, რასაც სინგაპური აკეთებდა, თუმცა ნელ-ნელა ერთმანეთი მიიღეს. რა თქმა უნდა, ჩვენ განვსხვავდებით მათგან, მაგრამ გარკვეული პარალელების გავლება შეიძლება იმასთან, რასაც ეს პატარა ქვეყანა აკეთებდა. თუ საკმარისად ჭკვიანი ხარ და მანევრირების უნარი გაქვს, ეს ხანდახან იმასაც ნიშნავს, რომ დაიტანჯები, ისე როგორც ჩვენ დავიტანჯეთ, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ, დავდივართ სკოლაში და ვიღებთ მაღალ ნიშნებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.