მიხეილ სააკაშვილი სოფელ დიღომში ახალი სკოლის გახსნას დაესწრო

9/15/2010

 სოფელ დიღმის ახალი სკოლის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი და განათლების მინისტრი დაესწრნენ.  ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა და პირველკლასელებს საჩუქრები გადასცა. თავდაპირველად სტუმრად მისულმა პრეზიდენტმა მოსწავლეებთან ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულა და 81 პირველკლასელს საჩუქრად ნეთბუქები გადასცა. 

 საპილოტო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი"-ის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით სამი ათასი კომპიუტერი დარიგდა, თბილისში კი, ეს პროგრამა სამ სკოლაში, კერძოდ 53-ე საჯარო სკოლაში, პირველ ექსპერიმენტალურსა და სოფელ დიღმის საჯარო სკოლაში განხორციელდა.

 სოფელ დიღმის საჯარო სკოლა 1935 წელს დაარსდა,  2010 წელს კი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით(6 მილიონი) ააშენდა. ცოდნის მისაღებად სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი; კეთილმოწყობილი  საკლასო ოთახები, კომპიუტერული კლას-კაბინეტები ქსელში ჩართული 29 კომპიუტერით, სპორტული დარბაზი,  ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი,  სტანდარტების შესაბამისი სასადილო, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტი, დამონტაჟებული ვიდეოკამერებით, შიდა  და გარე პერიმეტრის კონტროლირება ხდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებიდანვე სოფელ დიღმის საჯარო სკოლაში მანდატურები შევლენ.

„ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" პროექტის ფარგლებში, ქართველ მასწავლებლებთან  ერთად დიღმის საჯარო სკოლაში მუშაობა უკვე დაიწყო უცხოელმა პედაგოგმა, რომელიც მოსწავლეებს ინგლისურს შეასწავლის.

საკლასო ოთახის დათვალიერების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სასადილოში შევიდა და დაინტერესდა რა საკვებით უზრუნველყოფს კომპანია სკოლას. სასწავლებელში ანგარიშსწორება პლასტიკური ბარათებით მოხდება და შესაბამისად მოსწავლეებს ფულთან შეხება არ ექნებათ. პრეზიდენტი იმ ოთახშიც შევიდა, საიდანაც სკოლა კონტროლდება და  მანდატურები სკოლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

საქართველოს პრეზიდენტი პედაგოგებსაც გაესაუბრა. "უახლოეს სამ წელიწადში საქართველოს მაშტაბით ყველა საჯარო სკოლა გარემონტდება და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. საქართველოში ყველა სკოლა ისეთივე იქნება, როგორიც ჰოლანდიასა და გერმანიაში და ეს დაპირება შესრულდება.

ჩვენ საკუთარ თავს მეტი მოთხოვნები უნდა წავუყენოთ და მეტი მოთხოვნების პირობებში, მეტი ხელფასიც მივიღოთ. მოდიან არსებითად სხვა ბავშვები, სხვანაირად აღჭურვილები, ამიტომ ასეთ ბავშვთან ურთიერთობა სასიამოვნოც იქნება და ამავე დროს, მასწავლებლისგან მოითხოვს ძალიან რთულ მომზადებასა და მაღალ დონეს. მთავარია, რომ საქართველოში სწავლობენ ბავშვები, რომლებიც, ჩვენდა სასიხარულოდ, ჩვენზე ათი თავით მაგრები იქნებიან. ეს თაობა უნდა შევინახოთ და ჩვენ ვერც ერთი ქვეყანა ვერ გვაჯობებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.