მიხეილ სააკაშვილმა წეროვანში ქართულ-შვეიცარული ერთობლივი საწარმოში "ბერტა" მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

9/9/2010

 

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-შვეიცარული ერთობლივი საწარმოში "ბერტა" მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო, თუ რა ტექნოლოგიებით მოხდება პროდუქციის წარმოება.

საწარმო საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებების პროდუქტების პირველი მწარმოებელი იქნება სამხრეთ კავკასიაში. ქართულ-შვეიცარული ერთობლივი საწარმო "ბერტას" გახსნა ნოემბერისთვის იგეგმება.

ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებულია 200 ადამიანი, რომელთა რიცხვი წარმოების გახსნიდან 450-მდე გაიზრდება.
თავდაპირველად საწარმოს გახსნა 2008 წლისთვის ლილოში იგეგმებოდა, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ პრიორიტეტი მიენიჭა წეროვანს და საწარმომ ორიენტაცია სწორედ დევნილების დასაქმებაზე აიღო.

ამ დროისთვის საწარმოში განხორციელებულია 25 მლნ დოლარის ინვესტიცია და დამატებით განხორციელდება 6 მლნ დოლარის ინვესტიცია. ომის შემდეგ, ოკუპირებულ რეგიონში ეს უკვე რიგით მეცხრე ქარხანა აშენდა, რომელშიც დასაქმებული არიან იძულებით გადაადგილებული ადამიანები.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს მშენებარე საწარმო არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ სად  გადის ზღვარი ოკუპაციასა და თავისუფალ ქვეყანას შორის, თუ როგორ სრულდება დევნილების მიმართ არსებული დაპირებები.
"ჩვენ მათ დავპირდით, რომ ექნებოდათ საცხოვრებელი სახლები, ექნებოდათ მიწა და აუცილებლად იქნებოდნენ დასაქმებულები.ამ მთის იქით შემომდგარი არიან ოკუპანტები უზარმაზარი შესაძლებლობების მქონე ქვეყნიდან, მაგრამ ისეთივე მათხოვრულ და ჩამოძონძილ ცხოვრებას აგრძელებენ, როგორც აქამდე ცხოვრობდნენ. მათ პირველად დაინახეს და გაუკვირდათ, როგორ აშენდა აქ სახლები; შემდეგ დაინახეს დამუშავებული მიწები და ახლა ხედავენ, როგორ შენდება ამ მთაზე ამხელა საწარმო. რეალურად ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი - ორი მთის ამბავი. ყველაფერს რასაც ვაკეთბთ, აქვს საშვილიშვილო მისია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.