გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა.
გაეროში დამტკიცებულ რეზოლუციაზე საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა დოკუმენტს პატარა დიპლომატიური გამარჯვება უწოდა. მისი თქმით, გაეროში დიდი დიპლომატიური ბრძოლა გაიმართა. დიდ გამარჯვებამდე კი, საქართველოს ბევრი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს.
„მართლაც ძალიან დიდი დიპლომატიური ბრძოლა გამართა რუსეთმა, რათა გაეროს წევრ ქვეყნებს მიღებული რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭირათ. ბრძოლა გამართა იმ დონეზე, რომ პუტინმა მედვედევს ორ-ორჯერ დაარეკინა რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერთან. ეს მარტო მე რაც ვიცი და კიდევ ალბათ ბევრი არ ვიცი. მიდიოდა ხელების ამოგრეხვა, მიდიოდა პირდაპირი შანტაჟი სხვადასხვა ქვეყნების მიმართ, მოსყიდვის მცდელობაც იყო სხვადასხვა მექანიზმებით. შედეგი სახეზეა - რუსეთს მხარი რამდენიმე ქვეყანამ დაუჭირა და საქართველომ შეიძინა რამდენიმე ახალი მხარდამჭერი. მაგრამ რეალურად ეს არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა. დააკვირდით რას ეწინააღმდეგება რუსეთი - რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ ადამიანები უნდა დაბრუნდნენ იმ სახლებში, სადაც დაიბადნენ, დაიბრუნონ ის ქონება, სახლები, საკარმიდამოები, ბაღები, სადაც გაიზარდნენ. შვილები გაუშვან იმ სკოლებში, სადაც ისინი დადიოდნენ. ერთი სიტყვით, ადამიანებმა აღიდგინონ თავინთი უმთავრესი უფლება საკუთარი წარმოშობის ადგილზე, საკუთარ სამშობლოზე, სოფელზე, ქალაქზე, ტერიტორიაზე... და სწორედ ამაზეა რუსეთი სამკვდრო-სასიცოცხლოდ წინააღმდეგი. ის არის მთლიანად ბოროტების მხარეს. ბედნიერება ისაა, რომ ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ამ საკითხში მხარს საქართველოს უჭერს. საქართველო ბრძოლას გააგრძელებს დიპლომატიური გზით და საბოლოო გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევს და დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.