უწინარესად, მინდა დიდი მადლობა გითხრათ ძალიან საინტერესო ინტერაქტიული დიალოგისთვის, მნიშვნელოვანი იყო თქვენი აზრის მოსმენა.
გამიხარდა, რომ სამინისტროში ყველაფერი ამდენად მოწესრიგებულია და თანამედროვედ არის მოწყობილი. ეს არა მხოლოდ თანამშრომელთა მუშაობის ხარისხზე აისახება, არამედ გამოხატავს ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას საქმისადმი.
სახელმწიფო დაწესებულებაში შემნილი გარემო დიდად განსაზღვრავს ამას და მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად არის ინტერაქცია ხალხთან, როგორ ხდება კითხვების დასმა პორტალებიდან. ასე რომ, ახალი სულისკვეთება და რეფორმებისთვის მზადყოფნა იგრძნობა. რეფორმები ველოსიპედს ჰგავს - როგორც კი პედლების ტრიალს შეწყვეტ, მაშინვე ჩამოვარდები. ამიტომ რეფორმები შეუქცევადი უნდა იყოს.
რაღაც პერიდში ჩვენ დავკმაყოფილდით ერთიანი ეროვნული გამოცდების შექმნით, მაგარმ ამან გამოგვატოვებინა ის საკითხები, რომლებიც ახლა აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.
ჩვენი განათლების სისტემა მაინც არ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე გამოწვევებს, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე დგას საკუთარი მოდერნიზაციისთვის.
ჩვენ გვჭირდება განათლების სისტემის სერიოზული მოდერნიზაცია, თუნდაც იმ მოკრძალებული თანხის გათვალისწინებით, რაც დღესდღეობით გვაქვს.
ყურადღება მკვეთრად უნდა გავამახვილოთ ტექნიკურ დარგებზე.
ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნის, საქართველოს მომავალიც საინჟინრო დარგების განვითარებაზე, ინოვაციაზე, საკუთარი პროდუქტის შექმნასა და მისი ექსპორტირებაზეა დამოკიდებული. სიინგაპურის განვითარების საფუძველიც ეს იყო და ასე განვითარდა ჩინეთიც. ჩინეთის პოლიტბიურო ძირითადად ინჟინრებით არის დაკომპლექტებული, რადგან მათ კარგად ესმით თუ რას ნიშნავს ტექნიკური დარგების განვითარება.
ქართველებს ამის ნიჭი მართლაც აქვთ. მაგალითად, რუსეთის სარაკეტო სისტემები ქართველების - სერგო ბერიას, ნადირაძისა და გელოვანის შექმნილია. ამერიკაში ქართველიშვილმა შექმნა პირველი სამხედრო ვერტმფრენები. უამრავი ქართველი მუშაობდა სხვადასხვა საინჟინრო კვლევით ინსტიტუტში. მთავარია, რომ ეს ნიჭი ქართველებმა გამოავლინონ საქართველოში და არა სხვა ხალხის საკეთილდღეოდ, რათა შემდეგ ნადირაძის შექმნილი რაკეტებიდან არ დაგვბომბონ.
ჩვენ გვჭირდება ჩვენი ხალხი, ჩვენი ტექნიკა, ჩვენი ინჟინერია და ინოვაცია ყველა სფეროში.
უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა დაინერგოს სკოლის დონეზე.
ჩვენ მოვახდინეთ კომპიუტერიზაცია. მე მომახსენეს, რომ სკოლებში 20 მოსწავლეზე ერთი კომპიუტერი იყო, ჩვენ გავედით აღმოსავლეთ ევროპულ მაჩვენებელზე, მაგრამ გამოგვრჩა ერთი რამ - ბევრ სკოლაში ეს კომპიუტერები სამუზეუმო ექსპონატებად არის ქცეული.
მივესალმები სამინისტროს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ყველა დირექტორი, რომელიც მოსწავლეებს კომპიუტერებით სარგებლობის საშუალებას არ მისცემს, გათავისუფლდება. ამის შემოწმება ადვილია. ჩვენ უნდა გავუხსნათ კომპიუტერის ოთახები ბავშვებს არა მხოლოდ სასწავლო პროგრამებისთვის, არამედ გაკვეთილების შემდეგაც. ბავშვმა უნდა ითამაშოს, მათ შორის, კომპიუტერზეც. თამაშის გარდა, ის ათას საინტერესო რამეს იპოვის ინტერნეტში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპიუტერები ბავშვებს პირველი კლასიდან ჰქონდეთ და წელს ეს საპილოტე პროგრამა იწყება. მთავარია სპეციალისტები მოვამზადოთ, რომლებიც მათ კომპიუტერთან მუშაობას ასწავლიან. არც ერთი მოსწავლე არ უნდა წამოვიდეს სკოლიდან, რომელსაც მინიმალურ დონეზე მაინც არ ეცოდინება კომპიუტერის გამოყენება.
შემდეგი საკითხი - ჩვენ გვაქვს თორმეტწლიანი სწავლების სისტემა, მაგრამ, იცით, რომ მე-11 და მე-12 კლასებში ბავშვები სკოლაში არ დადიან.
დისციპლინის თვალსაზრისით ზომები უკვე გავამკაცრეთ, მაგრამ მთავარია მივაღწიოთ იმას, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს არა იძულებით, არამედ გაკვეთილებზე მისვლის ინტერესი გაუჩნდეს.
ჩვენ შემოვიღეთ 10-წლიან და 12-წლიანი სწავლება. ვისაც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება სურს, ის 12-წლიან სწავლაზე უნდა გადავიდეს. თუმცა უნდა იცოდეს მთავარი - სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული იქნება საინჟინრო და ტექნიკური დარგების დაფინანსება. ვგულისხმობ აგრარულ სპეციალობებს, რადგან ამ სფეროში აღარ გვყავს კარგი სპეციალისტები; ვგულისხმობ გამოყენებით და ფუნდამენტურ მეცნიერებებს. პირადად მე ჰუმანიტარული დარგის წარმომადგენელი ვარ და, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული სპეციალობებიც ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს განვითარებისთვის ახლა ტექნიკური და საინჟინრო დარგების დაფინანსებაა პრიორიტეტული.
მომავალი წლიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ორდონიან სწავლებაზე გადასვლა. თუ ვინმეს არ უნდა უმაღლესი განათლების მიღება, რაშიც დასაძრახი არაფერია, 10 წლიანი სწავლების შემდეგ ჩააბარებს მინიმალური საშუალო განათლების გამოცდებს და მიიღებს შესაბამის ატესტატს. ხელობის შესწავლის მსურველთათვისაც უნდა შევქმნათ წინაპირობა სკოლებში.
მასწავლებელთა სერტიფიცირება ძალზე სერიოზული საკითხია. ამით პედაგოგთა ხელფასების გაზრდის საშუალება მოგვეცემა. მომავალ წელს ეს პროცესი დაიწყება და მათ, ვინც ამ გამოცდას ჩააბარებს, ხელფასი ყოველწლიურად მოემატება. ჩვენი მონაცემებით, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 20 პროცენტი აპირებს გამოცდაზე გასვლას. თითოეულმა მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს მათ აძლევს უფრო მეტ დაცულობას, მეტ შემოსავალს და მეტ პრესტიჟს ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში.
ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ათასი ინგლისურენოვანი ამერიკელის, კანადელის, ინგლისელის შემოსვლას, ვინც საქართველოს რაიონებსა და სოფლებში ჩვენს ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლის. ამას გარდა, ისინი თავანთი ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს გაგვაცნობენ, ხოლო ჩვენ ჩვენსას ვაზიარებთ მათ. ამით თითოეული მათგანი გახდება საქართველოს ელჩი დანარჩენ სამყაროში. როგორც წესი, აქ ჩამოდიან ენთუზიასტი, იდეალისტი ადამიანები, რომლებსაც სურთ რაიმე კარგი გააკეთონ ცხოვრებაში. ამ ადამიანებს ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი. მათი პირველი ჯგუფი 31 ივლისს ჩამოვა და ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში ინტეგრაცია მაქსიმალურად უნდა გავუადვილოთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროგრამაა ჩვენთვის.
განათლება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და სტრატეგიული დარგი შეუძლებელია გვქონდეს და ყველა სახელმწიფო უწყება მოწოდებულია მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი. ამ სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისგან კი სტანდარტების მკვეთრად ამაღლებას ველით.
დღევანდელი სტანდარტები არ პასუხობს ხვალინდელ მოთხოვნებს. ეს არც პედაგოგების ბრალია და არც სისტემის. ეს იმის გამო მოხდა, რომ სახელმწიფოებრივი პოლიტიკა სრულიად ჩამოშლილი იყო. ახლა ყველაფერს გავაკეთებთ, ბოლო რესურსსაც გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს, რათა ბევრად უკეთესად იყვნენ მომზადებული, მატერიალურად და მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფილი. უწინარესად, მათ უნდა ჰქონდეთ ცოდნის მიღების საშუალება, რათა შემდეგ ეს ცოდნა ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს გადასცენ.
დღეს არა მხოლოდ მშობელია მომთხოვნი, არამედ ბავშვიც. იგი იმდენად მდიდარია ინფორმაციული თვალსაზრისით, რომ სულს სხვა მოთხოვნები აქვს თავისი პედაგოგის მიმართ, ბევრად უფრო განსხვავებული, ვიდრე ჩვენ გვქონდა ბავშვობაში. დემოკრატიულ საზოგადოებაში გაზრდილი ბავშვი უფრო თავისუფალიც არის საკუთარ ქცევებში და უფრო მომთხოვნიც. ასეთი მოზარდი განსაკუთარებით აღიარებს ავტორიტეტს და თუ ნამდვილ პროდუქტს შევთავაზებთ, ის უფრო დაეწაფება ცოდნას.
ჩვენ მივესალმებით იმას, რომ მანდატურების ინსტიტუტი კარგად მუშაობს, რადგან სკოლაში დისციპლინა აუცილებელია. მშობელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბავშვი სკოლიდან საღ-სალამათი დაუბრუნდება.
სკოლაში არ უნდა იყოს სოციალური დაყოფა. საქართველოში 20 პროცენტზე მეტია, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს. ისინი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სახელმძღვანელოებით. მათ უნდა ჰქონდეთ ხელშეწყობა, რათა სკოლის სისტემის მეორეხარისხოვან დანამატად არ იგრძნონ თავი და ამით სწავლის შესაძლებლობა წაერთვათ.
სიღარიბიდან გამოსვლის ყველაზე კარგი საშუალება სწავლაა. არც ერთი სოციალური პროგრამა ისე არ მუშაობს, როგორც ასეთი ოჯახებიდან გამოსული ბავშვების კარგი განათლება. მე ვლაპარაკობ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებზე.
მთლიანობაში მინდა გითხრათ, რომ განათლების სამინისტროს მუშაობას ჩვენც და საზოგადოებაც მაღალ დონეზე ვაფასებთ. ვხედავთ გარკვეული ხარვეზებს, მაგრამ კარგად ვხედავთ მიღწევებსაც. ასევე ვხედავთ მწყობრ პროგრამას რა უნდა გაკეთდეს. დიდი კამათისა და დებატების შემდეგ, გავედით იმ საერთო ნიშნულებზე, რაც უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში უნდა გაკეთდეს.
გისურვებთ წარმატებას.