საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის სხდომას ყვარელში უხელმძღვანელა

7/20/2010

მოგესალმებით ყველას.

უწინარესად, მსურს ყველას მოგილოცოთ ახალი საკურორტო ზონის გახსნა საქართველოში.

იმ ხალხის გასაგონად მინდა განვაცხადო, ვისაც ჯერ ტყუილების მოგონება, შემდეგ კი საკუთარ ტყუილებზე ქილიკი უყვარს, ვინც ხშირად ამბობს, რომ ჩვენ ერთი და იგივე რამეს რამდენჯერმე ვხსნით - ეს არ არის ის ტბა, რომელზეც წინა მთავრობის სხდომა გავმართეთ.

მინდა ხალხი გავახარო და იმედი გავუცრუო მათ, ვისაც საქართველოს პროგრესი და წინსვლა არ უხარია. რამდენიმე დღეში ფარავანზე მიგვყავს მშენებლები და ახალგაზრდული ცენტრის გასახსნელად, ასევე მთელი კურორტის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, სერიოზული გეგმის შემუშავებას ვიწყებთ.

იცით, რომ მესტიაში უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, სამუშაოები მიმდინარეობს ანაკლიაშიც. ჩვენ ვცვლით საქართველოს გეოგრაფიას იმ თვალსაზრისით, რომ ვქმნით ახალ, ძალზე მნიშვნელოვან დასასვენებელ ადგილებსა და ტურისტულ ცენტრებს.

ტურიზმი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო, ჩვენი ხალხის დასაქმების და ჩვენი ხალხის გამდიდრების ერთ-ერთი მთავარი საშუალება.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ კახეთში, რათა რთველის მოსამზადებლად ყველა საკითხი განვიხილოთ. ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, რათა მზადება ბოლო წუთში არ დაიწყოს.

რამდენადაც ცნობილია, სეტყვის შედეგად, ვენახები რამდენიმე ადგილზე დაზარალდა.

რა თქმა უნდა, ეს მძიმე დარტყმაა ხალხისთვის, მაგრამ მთავარი უნდა ავიცილოთ თავიდან აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით - რთველის პერიოდში პრობლემები არ შეგვექმნას მოსავლის აღებასა და დაბინავებასთან დაკავშირებით.

ვიდრე ძირითად საკითხებზე გადავიდოდე, უნდა გითხრათ, რომ დღეს ვესაუბრე მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს. იცით, რომ მოლდოვაში დიდი წყალდიდობებია, არიან დაღუპულები, დაზარალებულია უმრავი  ადამიანი, დანგრეული და განადგურებულია მრავალი შენობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ დავეხმაროთ.

მოლდოვა ჩვენი მეკავშირე და მეგობარი ქვეყანაა. შესაძლოა, არც ჩვენ გვქონდეს ყველა პრობლება გადაჭრილი, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ.

ამიტომ, მოლდოვას მოქმედ პრეზიდენტს დავპირდი, რომ დაზარალებულთათვის ერთ ქართულ სოფელს ავაშენებთ.

უახლოეს დღეებში მზად ვართ გავუგზავნოთ მაშველები და ასევე თვითმფრინავი,  რათა ბავშვები, ყველაზე უფრო დაზარალებული ოჯახებიდან, დასასვენებლად ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში წამოვიყვანოთ.

ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ვთხოვ ეს გაითვალისწინოს.

თქვენ იცით, რომ ვმასპინძლობთ მოზარდებს პოლონეთიდან, წყალდიდობით დაზარალებული რეგიონებიდან, ასევე გვსტუმრობენ ჩერნობილში დაზარალებული და ბელორუსი ახალგაზრდები. 

გუშინწინ ილჰამ ალიევთან ერთად ბათუმის ბულვარს ვათვალიერებდი, სადაც შეგვხვდნენ ენთუზიაზმით აღსავსე და ჩვენს მიმართ საოცრად კეთილგანწყობილი ბელორუსი ტურისტები.

მსგავსი აქციები ძალზე მნიშვნელოვანია.

ახლა მათ რიცხვს მოლდაველი ბავშვები დაემატებიან და გთხოვთ, რომ მათ სათანადო დონეზე უმასპინძლოთ, რათა ნაწილობრივ მაინც შეუსუბუქდეთ მიღებული სტრესი. 

ვიდრე რთველის საკითხზე გადავიდოდე, მინდა რამდენიმე საორგანიზაციო საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება.  

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო არჩევნებზე ჩვენმა ხალხმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. უფრო მეტიც, ბოლო გამოკითხვის მიხედვით, არჩევნების შემდეგ ნდობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. ე.ი. საზოგადოების უმეტეს ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის წინ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მოქმედებები ოდნავ მაინც უნდა შევასუსტოთ და ოდნავ მაინც უნდა მოვადუნოთ ყურადღება.

მსოფლიო კრიზისის დროს, შარშან ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც დაზარალდა. ეკონომიკის კლება ჩვენთან სამ პროცენტზე მეტი იყო. ეს მაჩვენებელი უკრაინაში, დაახლოებით, 20 პროცენტს შეადგენდა, ზოგიერთ ჩვენს მეზობელთან - 15-16 პროცენტს, ბალტიის ქვეყნებში - 15 პროცენტს და მეტს.  

წელს პირველ კვარტალში, ჩვენი პროგნოზებით, 6,5 პროცენტიანი ზრდას ველოდებით - ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, მინიმუმ, ევროპის მასშტაბით.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომავალ წელს ქართულ ეკონომიკას 5-6 პროცენტიანი ზრდა ექნება. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია გავაკონტროლოთ. თუ ინფლაციის მაჩვენებელი 6-7 პროცენტი იქნება, ეს კიდევ დასაშვებია, რადგან ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც ეს მაჩვენებელი 12-14 პროცენტს შორის მერყეობდა.

თუკი მომავალ წელს ეკონომიკის განვითარება გაგრძელდება, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ეკონომიკური ზრდის 8 პროცენტს და მეტსაც მივაღწიოთ, თანდათან დავუბრუნდეთ კრიზისამდელ მაჩვენებელს და შემდეგ გადავიდეთ იმ მაჩვენებლებზე, რომელიც ევროპულ სინგაპურად გვაქცევს. ეს არის ის, რასაც ჩვენს ხალხს ვპირდებით.  

ლიბერალური ეკონომიკის პირობებში ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები და საქართველო ვაქციოთ სერიოზულ ექსპორტიორად, დავასაქმოთ ხალხი, გადავლახოთ არსებული გაჭირვება.  

2003 წელთან შედარებით სიღარიბე 53 პროცენტიდან 22 პროცენტამდეა შემცირებული, მაგრამ ეს მაინც ძალიან მაღალი პროცენტია.

ჩვენი მთავარი პრობლემა არის მთელი რიგი უწყებების არაფროპესიონალიზმი, ბიუროკრატიზმი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შიში, მისი გადავადება და ხშირად, საკითხების იგნორირება.

ამას ბოლო უნდა მოვუღოთ, რადგან "დახავსების" საფრთხე სახელმწიფო აპარატში მუდმივად არის. ეს, მეტ-ნაკლებად, ყველა სამინისტროსა და უწყებას  შეეხება.

თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრ საკითხში არ ვერევი, პრემიერ-მინისტრსაც ბევრი რამ აქვს დელეგირებული მინისტრების დონეზე, მაგრამ დელეგირება არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული. ჩვენ მიკრომენეჯმენტს არ ვახდენთ და ეს არის სწორი, რადგან ხალხის პასუხისმგებლობის დონე ამაღლდეს და ყველა თანამდებობის პირმა იგრძნოს, რომ იგი არის მნიშვნელოვანი.

ჩვენ დღე და ღამე ვლაპარაკობთ ინვესტიციებზე. ერთ-ერთმა მეწარმემ წლევანდელი წლის იანვარში, წერილი მიწერა ეკონომიკის სამინისტროს, სადაც ვრცლად აღწერს, რომ ფოთის გარეუბანში, ჭაობში უნდა 3000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ყიდვა. იგი აპირებდა 9 მილიონიანი ინვესტიცია ჩაედო და შეექმნა დამატებითი საწარმო (ლაპარაკი იყო დიდ მაცივარზე), სადაც ხალხი დასაქმედებოდა. ამით საქართველოს ექსპორტის პოტენციალიც გაიზრდებოდა, რადგან სწორედ ასეთი მაცივრების მეშვეობით ხდება სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტირება უცხოეთში. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ ერთმანეთზე მიბმულია ინვესტიცია, დასაქმება, ექსპორტირება, ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარება, გადასახადების გადახდის გზით ბიუჯეტის შევსება და ა.შ. 

ეს წერილი, რომელსაც ბევრი სქემა აქვს თანდართული, საქართველოს ეკონომიკური განვითარების უკვე ყოფილი მინისტრისთვის ზურაბ პოლოლიკაშვილისთვის თებერვლის დასაწყისშია მიწერილი. ეს ის პერიოდია, როდესაც მე, ნიკა გილაური და სხვები ვლაპარაკობდით რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოსვლა.

ორი თვის შემდეგ, აპრილის დამლევს ბიზნესმენს უკან მისდის პასუხი: "თქვენი 2010 წლის თებერვლის №377-6/10 წერილის პასუხად, გაცნობებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველობის ერთეულის საკუთრებაშია არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ფოთში მითითებულ მისამართზე არსებული 3189 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით, უნდა მიმართოთ არა ეკონომიკის სამინისტროს, არამედ ფოთის მერიას. პატივისცემით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი".

გრიგოლ გობეჯიშვილი ალბათ კარგ ბიჭად ითვლება თავის სამეგობროში. ალბათ კარი მსმელია, ქელეხებსა და ქორწილებში დადის, ბავშვებს ნათლავს, ძმაკაცებს ხელს უმართავს, მაგრამ საქართველო მას ნამდვილად არ უყვარს!

გათავხედებული, თავგასული მოხელე - აი, ვინ არის საქართველოს მთავარი პრობლემა. უცხოური აგრესია კი არა, გრიგოლ გობეჯიშვილის მსგავსი მოხელეები არიან მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ხალხი გაჭირვებაში ცხოვრობს, რომ ინვესტიციები ისე არ შემოდის, როგორც უნდა შემოდიოდეს. მით უმეტეს, როდესაც ამდენი ვიმუშავეთ რეფორმებისა და კანონმდებლობის თვალსაზრისით.

მაშინ, როდესაც პარლამენტში რეფორმატორთა მართლაც კარგი ჯგუფია და ნებისმიერი კარგად მომზადებული კანონი დროულად გადის,  როდესაც ყველა საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს კარგი რეპუტაცია აქვს, აი, ვინ არცხვენს ჩვენს ქვეყანას - გობეჯიშვილი და კომპანია - გაქსუებული ადამიანი.

მაინტერესებს, როდესაც თანამდებობაზე მუშაობ და ცხოვრებაში ერთადერთი ფუნქცია გაქვს - არ მიიღო გადაწყვეტილება, თავიდან იცილებ პასუხისმგებლობას, ამაზე მეტი პრობლემა რა უნდა შეუქმნა ქვეყანას?

მე თქვენ გეტყვით როგორ მოიქცეოდა ნორმალური თანამდებობის პირი მის ადგილზე -  მინისტრი (9-მილიონიანი ინვესტიციის ბედი მინისტრის მოადგილის დონეზე არ უნდა წყდებოდეს) ან მისი მოადგილე დაურეკავდა ამ ბიზნესმენს, დაპატიჟებდა კაბინეტში, მოეფერებოდა, კაფეში წაიყვანდა, პატივს სცემდა და შემდეგ დღეგამოშვებით შეაწუხებდა იმის თაობაზე, როდის გააფორმებდა ხელშეკრულებას.

ეს ბიზნესმენი ფოთის მერიაშიც მივიდა (ფოთში მერი გამოიცვალა), სადაც უთხრეს: ახლა არჩევნები გვაქვს და ორ თვეში გამოიარეო.

ამგვარად იშლებოდა ეს პროექტი, ვიდრე შემთხვევით არ ჩაგვივარდა ხელში მე და ვერა ქობალიას.

ყველამ მოიკითხეთ რამდენ სამინისტროში ხდება ზუსტად იგივე.

ამიტომ არის, რომ ტყეებს ვერ დავაყენეთ საშველი, გარემოს დაცვის სამინისტროს ძვირფასო წარმომადგენლებო და მინისტრო;

ამიტომ არის რომ ძალიან ჯანდაცვის ბევრ უწყებაში და სოციალურ სფეროში არის პრობლემები;

ამიტომ არის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში პრობლემები.

პრობლემები იმიტომ არის, რომ სხედხართ ხალხი და თქვენს ქვემოთ მყოფი ადამიანები, რომელთათვისაც არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და ბოდიში, მაგრამ მახათის გაყრა ერთ ადგილზე ყველაზე კარგი პოზაა.

თითქოს, რომელიმე დიდი იმპერიის და მაძღარი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურს წარმოადგენდნენ და არა მებრძოლი ქვეყნისა, რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის; რომელიც იბრძვის, რათა ყველას დაუმტკიცოს, რომ მაგარია და თავის ხალხს რაღაცა უშველოს.

ამის მოთმენას აღარ ვაპირებ.

ეკონომიკის სამინისტროსთან მქონდა სერიოზული შენიშვნები ტურიზმის დეპარტამენტთან დაკავშირებით.

რატომ ხდება, რომ დანარჩენ საქართველოში უფრო ნაკლები ტურისტი შემოდის, ვიდრე აჭარაში? იქნებ მარტო პეიზაჟებსა და ზღვის ნაპირის სიგრძეში არ არის პრობლემა?

სხვათა შორის აჭარაში არის უფრო ნაკლებია ზღვა, ვიდრე დანარჩენ საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. აჭარაში უფრო ნაკლებია ასეთი ხედი, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.

იქნებ საქართველოს მთავრობის ცუდ მუშაობაშია ამის მიზეზი და არა კლიმატის სხვაობაში კახეთსა და სხვა რეგიონს შორის?

სხვათა შორის, კახეთის ტურისტული პოტენციალი აჭარის პოტენციალზე ნაკლები არაფრით არ არის.

იქნებ გადავხედოთ ჩვენს მუშაობას და არ დავაბრალოთ ეს სხვა ობიექტურ ფაქტორებს?

თუ თანამდებობაზე გაქსუებული ადამიანი მუშაობს, იქ საქმე არ გამოვა. მე არ მჭირდება ისეთი თანამდებობის პირები, რომლებიც ყველაფერზე კვერს დამიკრავენ. არც ისეთი ხალხი მჭირდება, რომელიც მხოლოდ იმის ახსნაში იქნება, რატომ არ შეუძლია ესა თუ ის საქმე აკეთოს. პირადად მე მირჩევნია შემეწინააღმდეგოს და ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების სხვა გზა მიჩვენოს.

4 თვის წინათ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მთავრობის სხდომიდან თუ გააგდეთ, ის სახლში უნდა გაგეშვათ. ახალგაზრდა კაცია და ბევრ სხვა საქმეს მიხედავდა.

ჩვენ არ ვართ ხორცკომბინატი, რომ მინისტრებისა და თანამდებობის პირების ნაცვლად, ხორცის ნაჭრები შევინახოთ. ბოდიში ამ უხეში გამონათქვამისთვის.

ჩვენ გვჭირდება ცოცხალი, მოძრავი, იდეებით, ენთუზიაზმითა და ენერგიით აღსავსე ადამიანები. ასეთი ხალხი სახელმწიფო აპარატში გვყავს.

წავიდა ის დრო, როდესაც მინისტრთან შესვლამდე "ზემოდან" დარეკვა იყო საჭირო კარგად რომ მოგპყრობოდნენ. თუ რომელიმე თანამდებობის პირს კიდევ სჭირდება "ზემოდან" ზარები, მას არაფერი არ ესაქმება 21-ე საუკუნის საქართველოს მთავრობაში, ვარდების რევოლუციდან რამდენიმე წლის შემდეგ.

ჩვენ გვჭირდება გამზადებული პროექტები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საყურადღებოდ მინდა ვთქვა - მთელი ევროპის ნაძვის ხეების უმეტესობა, არის ქართული. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ქეთი მელუა მღერის და რეკლამას უკეთებს იმას, რომ ეს ნაძვის ხეები საქართველოდან არის.

ამ ხალხს უნდა, რომ ეს ხეები არა მხოლოდ ქართული თესლიდან აღმოცენდეს, არამედ გაიზარდოს საქართველოში და შემდეგ ექსპორტზე გავიდეს.

საიდან არ მოუარეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩევისთვის და ვერანაირი რჩევა ვერ მიიღეს თქვენგან. მაშინ რაში მჭირდებით? მოდით, ხვალ დაგხურავთ ბაკურ!

არც ერთ სფეროში ექსპერტიზა არ გაქვთ, მით უმეტეს, სტრატეგიულ სფეროში რომელიც თქვენ გეხებათ. თქვენ თუ მხოლოდ იმისთვის ხართ, რომ ქაღალდებით პინგ-პონგი ითამაშოთ, დაიხუროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ხვალ ცოტა მეტი ფული გვექნება სხვა პრიორიტეტების განსახორციელებლად. ბოლოს და ბოლოს, ერთ საწარმოს გავაკეთებთ ნაძვის ხეების მოსაშენებლად, რომელიც უფრო მეტ თანხას შემოიტანს ბიუჯეტში, ვიდრე მთელი თქვენი სამინისტრო.  

მე ნამდვილად არ გეხუმრებით და შემდეგ ჯერზე ასეც მოვიქცევი თუ ბევრად უფრო აქტიურ მუშაობას არ ისწავლით.

ეს არის ის საკითხები, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს, დაბრკოლებებს გვიქმნის და წინსვლაში გვიშლის ხელს.

გთხოვთ, რომ ამას განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეპყროთ. ის კადრები, რომლებიც ვერ ამართლებენ, უნდა "ჩააჩოჩოთ" და ახალი ხალხი მოიყვანოთ.

მივესალმები, რომ გაქსუებული გობეჯიშვილის ნაცვლად, ეკონომიკის სამინისტროში ახალი კადრი - არჩილ კეკელია დაინიშნა.

მან ლონდონის ბიზნეს სკოლა დაამთავრა, ინგლისში საინვესტიციო ბანკებში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება მიიღო და საქართველოში დაბრუნდა.

თავისთავად უცხოური დიპლომი და გამოცდილება, როგორც მთავრობის ზოგიერთი წევრის მაგალითზე ვისწავლეთ, არაფრის გარანტია არ არის, მაგრამ მიხარია, რომ ბევრი კარგი კადრი ბრუნდება სამშობლოში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

მიგრაციის დადებითი ბალანსი იმის გამო გვაქვს, რომ ახალგაზრდობა აღარ მიდის საქართველოდან. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდობა საკუთარ ადგილს სამშობლოში პოულობს.

თუმცა ბევრი ნიჭიერი ადამიანია ისევ უცხოეთში, ბევრი ნიჭიერი ქვეყნის შიგნითაა, რომლებსაც ჯერ არ მიეცათ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება.

მინდა გადავხედო რამდენი ნათესავი და ახლობელი მუშაობს ძველი კავშირებით სამინისტროებში.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამინისტრო შიგნიდანაც და გარედანაც იყოს გამჭირვალე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კაბინეტები არის შუშის, ასევეა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ასე კეთდება ეკონომიკის სამინისტრო, იგივე მიმართულებით მუშაობენ რამდენიმე სხვა სამინისტროშიც.

ეს რაღაც პოზა არ არის - კაბინეტები არ არის ყავის დასალევად და სიგარეტის მოსაწევად. კაბინეტები არის საქმის გასაკეთებლად. იქ ყველანი ვართ, როგორც ბრძოლის წინა ხაზზე, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. უწყებების შიგნით მუშაობა არ უნდა იყოს ბიუროკრატიზებული.

გავახილოთ თვალი და ვნახოთ - ვინც არ ამართლებს, ის წავიდეს. ნეპოტიზმი და სხვადასხვა კრიტერიუმებით შერჩევა არ უნდა ხდებოდეს. ისიც შესაძლებელია კარგი ადამიანი იყოს ვინმეს ახლობელი ან ოჯახის წევრი, მაგრამ, როგორც წესი, მსგავსი რამ გამონაკლისია და მსგავს შემთხვევებში ფრთხილად უნდა ვიყოთ. შერჩევის კრიტერიუმი უნდა იყოს მხოლოდ სამშობლოს სიყვარული და პროფესიონალიზმი. მით უმეტეს, ნაცნობ-მეგობრობა, კლასელ-ძმაკაცობა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობა უნდა დამთავრდეს.  

ახლა მსურს მოვისმინო როგორია ყურძნის მოსავლის მოლოდინი წელს და როგორ აპირებთ მის დაბინავებას.

სამართლიანობისთვის მსურს ისიც აღვნიშნო, რომ გასულ წელს გაწეული მუშაობისთვის ორდენები გაქვთ მიღებული, ამიტომ თქვენს მიმართ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნებია წასაყენებელი. 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი: "ბატონო პრეზიდენო 2009 წლის რთველი იყო ნამდვილად წარმატებული და სამაგალითო. წელსაც ვაპირებთ რომ, ერთი მხრივ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახელმწიფოს დახმარებით, ხოლო, მეორე მხრივ, 2009 წლის მსგავსი  ორგანიზებულობით, გავხსნათ ყურძნის ჩაბარების 34 ქარხანა. შესაბამისად, მთელი კახეთის მასშტაბით,  ყურძნის მიმღები 34 პუნქტი გაიხსნება. წელს 2009 წლის შედეგის გაუმჯობესებას ვგეგმავთ. ამის ყველა წინაპირობა გვაქვს და გპირდებით, რომ ეს ასეც იქნება. საწარმო კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმუშავებს. პროცესი 22 აგვისტოს დაიწყება. შარშანდელი წლის შემდეგ, ჩვენ, პრაქტიკულად, თვენახევრიან რთველზე გადავედით, რაზეც ადრე მხოლოდ ვოცნებობდით. თქვენ გახსოვთ, რომ წინა წლებში რთველი 20-დღიანი იყო, დგებოდა რიგები, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა მოსახლეობაში და გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა ხარისხთან მიმართებაშიც. ამას გარდა, წინა წელთან შედარებით, ამ წლის 6 თვის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ღვინის ექსპორტის 50 პროცენტიანი ზრდა. თუ შარშან ამ დროისთვის ქვეყნიდან გატანილი იყო 4 მილიონი ბოთლი, წელს წელს ექსპორტზე უკვე 6 მილიონი ბოთლია გატანილი. ამავდროულად, იზრდება ჩვენი გეოგრაფიაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.  ჩვენი ღვინის ხარისხი არ ჩამოუვარდება იმ ქვეყნების ხარისხს, სადაც ბუნებრივი მონოპოლიებია ალკოჰოლზე, ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, შვედეთი, ფინეთი, კანადა და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა. ამ ქვეყნებში შეგვიძლია გვქონდეს ფიქსირებული კვოტა, რადგან ჩვენი ღვინო მართლაც კონკურენტუნარიანია და ის კონკურენციას უწევს დასავლეთ ევროპულ ღვინოებს, რომლებიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვისწავლეთ ყურძნის დაბინავება, მაგრამ ჯერ ვერ ვისწავლეთ ღვინის გაყიდვა. აქ სხვა უბედურება გვემართება. არის რამდენიმე ქართული ბრენდი, რომელმაც კარგი დისტრიბუცია ააწყო უცხოეთში, მაგრამ ყველაზე საზიზღარი ღვინოა. რამდენჯერმე უცხოეთში მიღებაზე მოგვიტანეს ეს ღვინო და სირცხვილით სახე გამიწევია. ვიცი, რომ ბევრად უკეთესი კეთდება აქ, ალაზნის ველზე. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ქსელის აწყობის შემდეგ, შეუძლიათ ხარისხის გაფუჭება და ჰგონიათ, რომ მაინც გაიყიდება, ანუ რუსული ჩვევები ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზეც გადმოიღეს. იმედი მაქვს, რომ ასეთი ხალხი, თანდათანობით, უმცირესობაში აღმოჩნდება. ეს ერთი. მეორე - ვერ ვისწავლეთ დისტრიბუცია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, ბალტიის ქვეყნებში ძველ გასტრონომებში იყიდება ქართული ღვინო, მაგრამ ვერსად ვერ შეხვდებით თანამედროვე სუპერმარკეტებსა და რესტორნებში. ეს იმით აიხსნება, რომ ძველ გასტრონომებში ღვინის ჩაბარების სანაცვლოდ აძლევენ ე.წ. ატკატს. ეს ძველი მენტალიტეტია. ის არ იციან, რომ რესტორნებში უნდა მივიდეს სპეციალისტი, მოუწყოს ტესტირება და დაურიგოს ბროშურები. გასტრონომები მსოფლიოში აღარ დარჩა და აღარ შეიძლება შენი ღვინო გასტრონომებზე იყოს აწყობილი. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად სემინარები უნდა გავმართოთ, ექსპერტები უნდა ჩამოვიყვანოთ და ჩვენი პროდუქციის გაყიდვა ვისწავლოთ.  ეს არის შემდეგი ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი მეღვინეობის სექტორისთვის.

სექტემბრის მეორე ნახევრიდან ვიწყებთ ყურძნის გამოტანას, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ გომბორის გზის მშენებლობა, რადგან ეს გზა არის სასიცოცხლო არტერია როგორც თელავისა და ახმეტისთვის, ისე ყვარლისთვის. ეს გზა მნიშვნელოვანია სხვა რაიონებისთვისაც მოძრაობის განმუხტავის თვალსაზრისით. ერთი მხრივ, ეს გზა გაახუთმაგებს კახეთის ტურისტულ პოტენციალს, ხოლო, მეორე მხრივ, სოფლის მეურნეობის სფეროში წარმოუდგენელი წინსვლა გვექნება.

ბაკურ კვეზერელი: ამ გზის შენებლობის დასრულების შემდეგ თელაველი მევენახეები  საგარეჯოს მევენახეების პირობებში აღმოჩნდებიან.

მიხეილ სააკაშვილი:  რამდენ ადგილზე დააზარალა სეტყვამ ვენახები?  

ბაკურ კვეზერელი: მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ყვარლისა და თელავის რაიონების ზოგიერთ სოფელს, მსგავსი შემთხვევები იყო სხვა რაიონებშიც, თუმცა ნაკლებად.  

მიხეილ სააკაშვილი:  ძალიან ცოდოა ხალხი, ვინც ამ მხრივ დაზარალდა, მაგრამ რაც გადაურჩათ, ის მაინც უნდა გასაღდეს მაქსიმალურად კარგად. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.   

ბაკურ კვეზერელი: ჩვენ გაკეთებული გვაქვს ამის აღრიცხვა და ვიცით ამ მხრივ რომელ სოფლებს დავუწესებთ გარკვეულ შეღავათებს. დაზიანებული ყურძენი კონცენტრანტის სახით გადამუშავდება, რათა ეს ღვინის ხარისხზე არ აისახოს. რთველთან დაკავშირებით სულ ეს არის რაც შეგვიძლია ვთქვათ. 10 დღის შემდეგ გვექნება მოსავლის ზუსტი პროგნოზი და ზუსტად გაიწერება როგორც ბიუჯეტი, ისე ის მოცულობები, რომლებიც ამა თუ იმ ქარხანაში დაბინავდება. იმის შესახებ სად რა ჯიშის ყურძენი გადამუშავდება, მოსახლეობაც გაფრთხილებული იქნება.

მიხეილ სააკაშვილი:  რამდენი დაჯდა ყურძნის სუფსიდირება შარშან?

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური:  შარშან 22-23 მილიონი ლარი გამოგვივიდა. წელს კი ორი სხვადასხვა მექანიზმია შემოთავაზებული.