საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის სკოლის კურსდამთავრებულებს მედლები და ატესტატები გადასცა

5/27/2010

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ძველ ბათუმში ოქროს და ვერცხლის მედლები და ატესტატები გადასცა. წელს ბათუმის 41 მოსწავლემ სკოლა ოქროს მედალზე, 74 კი, ვერცხლის მედალზე დაამთავრა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სკოლის დამთავრება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

"დღეს ძალიან ლამაზი დღეა. ძალზე ლამაზი იყო სკოლაში თქვენი ბოლო ზარის დღეც. კარგია, რომ ამ მოედანზე ვაკეთებთ ჩვენს შეხვედრას. სწორედ აქ სამი თვის წინათ არც ერთი ქვა არ იყო დადებული. იმის შემდეგ სულ დავდივარ და ვამოწმებ. ეს ქალაქიც,  როგორც მოზარდი, თქვენთან ერთად იზრდება. ექვსი წლის წინათ აქ არ იყო არა მარტო სასტუმრო, არამედ ელემენტარული რამ - დაწყებული შუქით და დამთავრებული ადამიანური პირობებით. ერთადერთი პერსპექტივა აქედან გაქცევა და ამ ქალაქის მიტოვება იყო. ყველაფერი შეიცვალა. თუ თქვენ ამ ქალაქიდან წახვალთ, მხოლოდ სასწავლებლად! ზოგიერთები ტელევიზიით გამოდიან და ამბობენ: სააკაშვილმა ტვინი წაიღო ამ ზღაპრებითო. თქვენ ეს არ უნდა გიკვირდეთ. ყოველთვის გამოჩნდება ხალხი, ვისაც არაფრის არ სჯერა. ბათუმის ახალ ტბაზე ბაყაყები უფრო ლამაზად ყიყინებენ, ვიდრე ზოგიერთი მათგანი - ტელევიზიით. რამდენიც არ უნდა გვაკრტიკონ, მთავარია,  ფეხებში არ გაგვებლანდონ ამ მშენებლობის დროს. სამი თვის წინათ აქ პირველი აგური დაიდო. შავი ზღვის პირეთში ასეთი სილამაზე თუ კიდევ არის სადმე, შემიძლია ხელმეორედ შევჭამო ჩემი ჰალსტუხი. ჩვენს ქვეყანას მართლაც დიდი პერსპექტივა აქვს წინ. ხვალ ვიწყებთ ჩქარი რკინიგზის მშენებლობას - ეს არის ჩვენი მომავალი. თქვენ უნდა შექმნათ ჩვენი მომავალი. მე კარგად მახსოვს, 2004 წელს, როდეაც აქ შემოვედი როგორი განათებული თვალები გქონდათ. მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ სიკვდილი მერჩივნა მათ გაწბილებას. მაგრამ მთავრობა ვერ გააკეთებს იმას, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ. ჩვენ ახლა ახალ პროგრამებს ვიწყებთ. წელს ყველა პირველკლასელი მიიღებს სახელმწიფოსგან კომპიუტერს. წელსვე შემოგვყავს ინგლისური ენის 1000  მასწავლებელი. მე მინდა, რომ ძალიან ბევრი ისწავლოთ. როდესაც პირველად აღმოვჩნდი ცენტრალურ ამერიკაში სამიტზე, დიდი მადლობა ვუთხარი დედაჩემს იმისთვის, რომ ძალით მასწავლა ესპანური ენა. ცხოვრებაში ყველა ენა გამოგადგებათ.

ეს მოედანი ქართველმა არქიტექტორებმა შექმნეს. ჩვენ არა გვაქვს იმ რაოდენობის მიწა, რომ მთელ მსოფლიოს ვაჭამოთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროდუქტი ჩვენი გონებით, რომელსაც დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ. როდესაც ამას გავაკეთებთ, ვერანაირი ტანკები, ვერანაირი უხეში ძალა ვეღარ მოგვამწყვდევს კუთხეში.

ბათუმში ბევრი სხვა პროგრამა გვაქვს. ძალიან მიხარია, რომ აღვადგინეთ სასწავლო ოლიმპიადები, ასევე ოქროს და ვერცხლის მედლები. ჩემთვის დიდი პატივია ამ მედლებზე ხელის მოწერა.

გილოცავთ სკოლის დამთავრებას და გილოცავთ დიდ ცხოვრებაში გადასვლას. თქვენი ოჯახები თქვენვე უნდა დააყენოთ ფეხზე. აქ ათჯერ უკეთესად უნდა ცხოვრობდეს ხალხი" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.