საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რომის პაპს შეხვდა

5/7/2010

დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ვატიკანსა და კოსტა-რიკაში ვიზიტს შეეხებოდა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვატიკანში დღეს დაიწყო და უკვე შედგა პირადი აუდიენცია ორი სახელმწიფოს მეთაურებს შორის. საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს პირველად შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ბენედიქტ მეთექვსმეტეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის პირადი მოკითხვა გადასცა.

"ბენედიქტ მეთექვსმეტემ და მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კონკრეტული და მნიშვნელოვანი თემა განიხილეს. ლაპარაკი შეეხო საქართველოსა და ვატიკანს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს. ასევე ისაუბრეს საქართველოს თანამშრომლობის შესახებ კათოლიკურ სამყაროსთან. როპის პაპმა, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს როლის მნიშვნელობაზე ქრისტიანულ სამყაროში. მიხეილ სააკაშვილმა კი, თავის მხრივ, აღნიშნა ქართველი კათოლიკების განსაკუთრებული წვლილის შესახებ, საქართველოს ისტორიაში", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა ასევე იყო ეთნიკური წმენდა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მიხეილ სააკაშვილმა რომის პაპს მადლობა გადაუხადა იმ განცხადებებისთვის, რომლებიც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გააკეთა.

"სწორედ 2008 წელს საქართველოსთვის ყველაზე რთულ პერიოდში რომის პაპმა არა ერთი მხარდამჭერი მიმართვა და განცხადება გააკეთა საქართველოს მხარდასაჭერად. მიხეილ სააკაშვილმა რომის პაპს კათოლიკურ სამყაროში პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელება სთხოვა", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

ბენედიქტ მეთექვსმეტესთან აუდიენციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს კარდინალ ტარჩიზიო ბერტონეს შეხვდა.

როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, ვატიკანიდან პრეზიდენტი კოსტა-რიკაში გაემგზავრება, სადაც ახლადარჩეული პრეზიდენტის ლაურა ჩინჩილია მირანდას ინაუგურაცია გაიმართება. კოსტა რიკაში საქართველოს პრეზიდენტი ლათინური და ცენტრალური ამერიკის ლიდერებს შეხვდება, რომლებიც ასევე არიან მიწვეული ცერემონიალზე.

"უნდა ითქვას, რომ ლათინური და ცენტრალური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა დაინტერესდა ჩვენი ქვეყნით. კერძოდ, ინტერესი გამოითქვა ეკონომიკური თვალსაზრისით და ინვესტიციების მხრივ. ამ ქვეყნებთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციების ვიზიტი უკვე შედგა და გარკვეული მემორანდუმებიცაა ხელმოწერილი, მაგრამ ამჯერად ამ ქვეყნების ლიდერებს საქართველოს პრეზიდენტი პირადად შეხვდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეგიონი ჩვენი ქვეყნისთვის, პრაქტიკულად, ახალია, საქართველოს კი ახალი პოზიციების შექმნა და გამაგრება სჭირდება", - განაცხადა პრესსპიკერმა.