საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს განათლების რეფორმის მიზნით ახალი ინიციატივა გააცნო.
ინიციატივის თანახმად, პირველი სექტემბრიდან საქართველოს ყველა სკოლაში იმუშავებს ინგლისური ენის მაწავლებელი, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნიდან იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ინგლისური ყველამ უნდა ისწავლოს. ამ მიზნით, მიხეილ სააკაშვილმა კერძო ტელეკომპანიებსა და "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მოუწოდა, ყველა ინგლისურენოვანი ფილმი გაუშვან სუბტიტრებით, რათა ინგლისური ენა ქვეყნის მასშტაბით შეისწავლონ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებითვე, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან დაიწყება.
გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, ნებისმიერი საგნის პედაგოგს, რომელმაც იცის ინგლისური ენა და კომპიუტერი, ხელფასზე დანამატი დაერიცხება იმისათვის, რომ ინგლისურად საუბრობს.
ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა პირველკლასელს ახალი სასწავლო წლიდან საჩუქრად გადასცემენ საბავშვო კომპიუტერს, რომელიც სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის დამზადდა და მასში ჩატვირთულია ახალი სასწავლო წლის მთლიანი პროგრამა. იმისათვის, რომ პირველკლასელებმა ძვირადღირებული წიგნები აღარ შეიძინონ, ყველა ბავშვს ექნება კომპიუტერი.
აღნიშნული საბავშვო კომპიუტერის ნიმუში პრეზიდენტმა დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა. მისი განცხადებით, კომპიუტერი წყალში არ იძირება, დასველების დროს არ ფუჭდება და დავარდნის დროს არ ტყდება.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, თანამედროვე საბავშვო კომპიუტერები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებსაც გადასცეს.
როგორც პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას სთავაზობს, კომპიუტერები ბავშვებს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადასცეს.
"ჩვენი ახალი სტრატეგიის ფარგლებში მზად ვართ ეს განვახორციელოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური