მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს სახელმწიფო კანცელარიაში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე სააკაშვილმა და ბორის ტარასიუკმა ნარინჯისფერ და ვარდების რევოლუციაზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ერთობლივი ეროვნული ქართულ-უკრაინული ცენტრი, რომელიც ორი ქვეყნის მსოფლიოს ორგანიზაციებთან თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინულ მხარესთან ერთად მზადდება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც ჩვენს რეგიონში დემოკრატიული წყობის განმტკიცებას უკავშირდება. მისი თქმით, საქართველო და უკრაინა ეკონომიკურ, პოლიტიკურ სფეროში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობაში ერთმანეთს დახმარების ხელს სთავაზობენ. „დემოკრატიულმა საქართველომ და დემოკრატიულმა უკრაინამ წარმატებებს უნდა მიაღწიოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უახლოეს პერიოდში შევქმნათ ახალი, ბევრად უფრო ქმედითი მექანიზმები, რეგიონული თანამშრომლობის და დემოკრატიის განმტკიცებისათვის ჩვენს ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური