საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაზისუბანს ესტუმრა, სადაც კიდევ ერთი სპორტული მოედნის გახსნას დაესწრო. პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა ბრეგაძეც იმყოფებოდა, რომლის უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევითაც ახალი მოედანი აშენდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი იქ მისვლის ძირითადი მიზანი ისანი-სამგორის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა იყო და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით, ბიძინა ბრეგაძე რაიონის ღირსეული დეპუტატი იქნება. მისი თქმით, პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით ნათელი გახდება, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილის კურსს საზოგადოების მხარდაჭერა. "ჩვენთვის ეს არჩევნები მთელი მსოფლიოს თვალში ერთგვარი ტესტი იქნება - აქვს თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის კურსს მხარდაჭერა ქვეყანაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური