საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ ბრიფინგი გამართა

10/20/2005

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი დაინიშნა. ბრძანებას ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გუშინ ღამით მოაწერა ხელი. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ბეჟუაშვილის მოადგილე ლევან ჭოლაძე შეასრულებს, თუმცა გიორგი არველაძემ ისიც აღნიშნა, რომ ეს საბოლოო საკადრო გადაწყვეტილება არ არის.

გიორგი არველაძემ "ახალი მემარჯვენეების " განცხადების თაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს საქართველოს პრეზიდენტი და ქართველი ხალხი განსაზღვრავს. "თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს სახელმწიფო კურსი რომელიმე ერთი მინისტრის თანამდებობაზე ყოფნაზეა დამოკიდებული, მაშინ მას სრულებით ვერ გაუგია, თუ როგორ მუშაობს აქამდე ქვეყნის მთავრობა. საქართველომ მყარი დასავლური კურსი აიღო, რომლის გარანტი და განმაპირობებელი, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის პრეზიდენტი და ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანია", - აღნიშნა მან.

ბრიფინგის დასასრულს გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ გუშინ ღამით მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ განკარგულებასაც მოაწერა ხელი და პარლამენტში მისი, როგორც დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურა დაიწყება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური