საქართველოს ეროვნული გმირის, 1922-1924 წლებში ანტისაბჭოთა მოძრაობის ლიდერის, პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი პარიზიდან თბილისში გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პარლამენტისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ასევე ქაქუცა ჩოლოყაშვილის შთამომავლები დახვდნენ.
თბილისში ჩამოსვენების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს.
ქაქუცა ჩოლოყაშვილს 21 ნოემბერს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური