საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში ორი ქარხანა გახსნა

9/28/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავს ეწვია, სადაც ორი საწარმო თავად აამუშავა. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ფოლადსამჭედლო მექანიკური ქარხანა დღეიდან მანქანა-დანადგარებისთვის საჭირო ლითონის ნაწილების წარმოებას დაიწყებს. საქართველოს პრეზიდენტი მთავარ მიღწევად იმას მიიჩნევს, რომ საწარმოში დასაქმებული 100 ადამიანიდან 10 საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში მუშაობს.

"15 წელია არავინ დასაქმებულა, ეხლა კი ახალი ხალხის მომზადებაა საჭირო. დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამა, სწორედ, ამას ითვალიწინებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეორე საწარმო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გახსნა, ფერო-მანგანუმის ქარხანა იყო. მისთვის მადანი ჭიათურიდან ჩამოაქვთ და ფოლადის დნობისათვის აუცილებელ პროდუქციას აწარმოებენ. ამ ქარხანაში დასაქმებული 150 კაციდან 85 დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამით მოხვდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს საწარმოები პასუხია იმ ეკონომიკურ ემბარგოზე, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებს.

"მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვმოქმედებთ უსასტიკესი ეკონომიკური სავაჭრო ემბარგოს პირობებში, რომელიც ჩვენი ტრადიციული ბაზრის, რუსეთის მხრივ ხორციელდება. მას, ვინც ეს ემბარგო დააწესა, ეგონა, რომ დავინგრეოდით. მას შემდეგ ათეულობით ახალი საწარმო გავხსენით და ჩვენი პასუხი ამ ემბარგოზე ძალზე მარტივია - ჩვენ უკეთ ვიმუშავებთ, უკეთეს პროდუქციას გამოვუშვებთ, ახალ ბაზრებს მოვიპოვებთ და წელგამართული ვიქნებით", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ რუსთავსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ორი წლის განმავლობაში ასამდე ასეთი საწარმო ამოქმედდება.

მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში ახალი კინოთეატრიც გახსნა და ბავშვებთან ერთად პრემიერას დაესწრო. "16 წლის განმავლობაში რუსთავში კინოთეატრი არ მოქმედებდა. ამ გრძელი პერიოდის შემდეგ ჩვენ ის აღვადგინეთ და გავხსენით. თითქოს დიდი არაფერი მომხდარა, მაგრამ ამ ქალაქისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მან.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური