საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამტრედიაში მოსახლეობას შეხვდა

9/29/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამტრედიაში ჩავიდა და იქაურ მოსახლეობას შეხვდა. საუბრისას საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა: "არაფერი უფრო მნიშვნელოვანი არ არის დღეს, ვიდრე თქვენ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი არც ნიუ-იორკია, არც მოსკოვი და არც სხვა რომელიმე ქვეყნის დედაქალაქი - ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის დღეს სამტრედიაა და აქ ამიტომაც ჩამოვედი". საკუთარ მიმართვას მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოსადმი გზავნილი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი და ქვეყნის ხელისუფლების მთავარი მიზანი საქართველოს ერთიანობა და ძლიერებაა. მისი თქმით, საქართველოს არაკეთილმოსურნეებს სურთ, რომ ქართველ ხალხს შრომისა და შენების, გართობისა და სიმღერის ხალისი დაუკარგონ.

"ამ ხალხმა ჩვენი ისტორია არ იცის! მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს - ჩაგვიკეტეს საზღვრები, ღვინისა და სხვა პროდუქციის შეტანა აგვიკრძალეს; მიუხედევად იმისა, რომ საქართველოს არამიმზიდველ და უინტერესო ქვეყნად აცხადებენ, სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება ჩვენს მიმართ პატივისცემისა და მოწიწების გრძნობა. და ასეთ დამოკიდებულებას ისინი არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ზოგადად ქვეყნის, არამედ თქვენს მიმართ - ქართველი ხალხის მიმართ იჩენენ. ჩვენ მიზანსწრაფულად, გამბედავად, თანმიმდევრულად და ყველა ცივილიზებული ნორმის დაცვით ვიმოძრავებთ ჩვენი მიზნისკენ. ჩვენი მიზანი კი, ერთიანი, ძლიერი, ეკონომიკურად წარმატებული საქართველო და წელშიგამართული თითოეული ქართული ოჯახია!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური