საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორში ახალი სამხედრო ჰოსპიტალის გახსნას დაესწრო

10/3/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში ახალი, თანამედროვე სამხედრო ჰოსპიტალი გახსნა. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი დონის სამედიცინო დაწესებულებები მალე საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიხსნება.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა, წელს უკვე რიგით მესამე ევროპული დონის საავადმყოფო გავხსენით. ხვალ თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოს ვხსნით, რომელიც იმდენად განადგურებული იყო, რომ ბევრს მისი აღდგენა შეუძლებლად მიაჩნდა. თუმცა პირველი რიგის სამუშაოები იქ უკვე დასრულდა, მომავალ წელს კი ის მთლიანად დამთავრდება და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი იქნება. კონკრეტულად ეს საავადმყოფო კი არა არმიის, არამედ გორელებისაა და ის გორის მოსახლეობას მოემსახურება. ეს სასწაული 4 თვეში აშენდა და ეს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დამსახურებაა. მალე აქ ცხინვალელებიც დაიწყებენ სიარულს, რადგან მსგავსი სამკურნალო დაწესებულება მთელ რეგიონში არ არის. მომავალ წელს ამ საავადმყოფოზე უკეთესს ავაშენებთ ბათუმში, დავასრულებთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს თბილისში, ერთს ავაშენებთ ოზურგეთში, ერთს - თელავში, ხოლო შემდეგ, რა თქმა უნდა - სოხუმში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური