საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისობის დღესასწაული აბანოთუბანში აღნიშნა

10/21/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აბანოთუბანს ესტუმრა და იქ შეკრებილ მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა. პრეზიდენტის განცხადებით, თბილისის ამ ძველი უბნის აღსადგენად, მომავალ წელს მასშტაბური - 20 მილიონიანი პროექტი განხორციელდება. მისი თქმით, ანალოგიური პროექტები ბათუმსა და სიღნაღშიც უნდა დაიწყოს, რადგან საქართველოს ისტორიული უბნების აღდგენა ტურიზმის განვითარებას დიდად შეუწყობს ხელს.

"ამ რამდენიმე დღის წინათ, ძველი თბილისის აღდგენის გადაწყვეტილება მივიღეთ. ამისათვის მოვიწვიეთ სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ. ამ უბანში ბევრი რამ არის გასაკეთებელი - სახლები გასამაგრებელი და შესაღებია, სახურავები - შესაცვლელი. მომავალ წელს სამი დიდი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც ითვალისწინებს ძველი თბილისის აღდგენას, რაც, თავის მხრივ, ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულებასა და, ასევე, ახალი მუზეუმების აშენებას გულისხმობს. მეორე პროექტი ძველი ბათუმის რეკონსტრუქციას ისახავს მიზნად, სადაც, სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, მუზეუმების გახსნა იგეგმება. მესამე პროექტი კი სიღნაღის აღდგენას ითვალისწინებს. რაც შეეხება თბილისს, ჩვენი ქალაქი ისეთი უნდა გახდეს, როგორიც ის ყველაზე საუკეთესო დროს იყო, რადგან საქართველოს დედაქალაქს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს. უწინარეს ყოვლისა ჩვენ თავად უნდა გვიხაროდეს აქ მოსვლა, თუმცა ისიც უნდა გვახარებდეს, რომ თბილისს უამრავი ტურისტი ეწვევა და ბევრი უცხოელი ნახავს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური