საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

10/31/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისრაელში, ხაიფას უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას "ტრანზიტი - გლობალური ენერგეტიკული და პოლიტიკური მიმართულებები" დაესწრო. საქართველოს დელეგაციის გარდა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრმა კარიმ მასიმოვმა, ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული ინფრასტრუქტურების მინისტრმა ბენჯამინ ბენ-ელიეზერიმ და ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში რიჩარდ ჯონსმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გამოსვლისას იგი ქართულ-რუსული ურთიერთობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს. პრეზიდენტმა კონფლიქტური ზონების შესახებაც ილაპარაკა და განაცხადა, რომ საქართველოს კონფლიქტების მოგვარება მშვიდობიანი გზით სურს.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ისრაელის მოდელზეც გაამახვილა. მისი თქმით, ამ ქვეყანამ აღმშენებლობა უახლოეს წარსულში დაიწყო და წარმატებასა და განვითარების მაღალ საფეხურს საკმაოდ მოკლე პერიოდში მიაღწია. მან საქართველოსა და ისრაელს შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აღმშენებლობის პროცესი საქართველოშიც ძალზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამს გარდა, ებრაელებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ძალზე მნიშვნელოვანი ნავთობსადენი და ორი გაზსადენი გადის, მსოფლიოსთვის ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესია. როგორც მან აღნიშნა, მილსადენები საქართველოს დასავლეთთან კავშირის სიმბოლოა.

ამავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, სასამართლო სისტემაში, განათლებისა და ეკონომიკის დარგებში წარმატებული რეფორმებისთვის, ასევე, ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებისა და განმტკიცებისთვის ხაიფას უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური