საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს მოშე კაცავს შეხვდა

11/1/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციას ესტუმრა, სადაც თავის კოლეგას მოშე კაცავს შეხდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი ქნესეთში გაემგზავრა და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს დალია იციკსა და მის წევრებს შეხვდა. ქნესეთში საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას მან ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილა ყურადღება და ებრაელ ხალხს მოუწოდა საქართველოსთან კავშირი მომავალშიც არ გაწყვიტონ.

"საბჭოთა კავშირის პერიოდში, მაშინ, როდესაც ებრაელთა მიგრაცია დაიწყო, თქვენ შეძელით, რომ საქართველო თქვენთვის მაინც პირველ ადგილზე დარჩენილიყო. დღესაც მოგიწოდებთ, არ დაკეტოთ თქვენი სახლები ჩვენს ქვეყანაში, შეინარჩუნოთ ისინი, რათა საქართველოსთან მუდმივი კავშირი გქონდეთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მან საქართველოში არსებულ კონფლიქტებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ცხინვალი ქართველთა და ებრაელთა ქალაქი იყო.

"ამას წინათ, ერთმა ჩემმა კოლეგამ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი და ცხინვალი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს ყოფილა. მათ საქართველოს ისტორია არ იციან. ცხინვალში მოსახლეობის ნაწილი ქართველი ებრაელობა იყო, რომლებიც ამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები იყვნენ. ცხინვალი ქართველთა და ებრაელთა ქალაქი იყო და ის ყოველთვის დარჩება საქართველოს ქალაქად, სადაც ყველა ერთად ძმურად და მეგობრულად იცხოვრებს!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქნესეთში მისვლამდე, მიხეილ სააკაშვილმა თელავივში ისხაკ რაბინის მემორიალი გვირგვინით შეამკო და ცხინვალში მცხოვრები განმანათლებლის რაბი აბრაამ ხვოლესის საფოსტო მარკის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს აბრაამ ხვოლესის პორტრეტი უსახსოვრეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური