საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იერუსალიმში შოთა რუსთაველის ბარელიეფის გახსნას დაესწრო

11/1/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იერუსალიმში ჯვრის მონასტრის სიახლოვეს, შოთა რუსთაველის სახელობის ქუჩაზე შოთა რუსთაველის ქვაში ნაკვეთი ბარელიეფი საზეიმო ვითარებაში გახსნა.

"როგორც წარმოუდგენელია ისრაელი დავით წინასწარმეტყველის გარეშე, ისე წარმოუდგენელია საქართველო შოთა რუსთაველის გარეშე. დავით წინასწარმეტყველი ისრაელისთვის და შოთა რუსთაველი საქართველოსთვის - ეს ორი სიმბოლო დღეს გვხვდება აქ, ისტორიული იერუსალიმის გულში, მსოფლიოს ცენტრში, ქართველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილზე", - მიმართა ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას. მან რუსეთ-საქართველოს გართულებულ ურთიერთობაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოებრიობის არქონა იყო ჩვენი ტერიტორიებისა თუ სხვა ღირებულებების დაკარგვის მთავარი მიზეზი.

"ჩვენ იმიტომ ვკარგავდით ყველაფერს, რომ სახელმწიფო არ გვქონდა. ჩვენ ვკარგავდით კონტროლს ტერიტორიებზე, რეპუტაციასა და პრესტიჟს, ხოლო ქართველების გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი ქვეყნით სიამაყის გრძნობა დაკარგა... დღეს საქართველო შეიცვალა. დღევანდელ საქართველოს მშვიდობიანი განზრახვები აქვს და წელში გამართული, მოტივირებული, კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი შეიარაღებული ძალები ჰყავს. ამ საქართველოს ვერავინ "გადაყლაპავს" და ამას ნურც ნურავინ შეეცდება... ებრაელები საუკუნეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ არ უნდა დაევიწყებინათ იერუსალიმი, რადგან მის გარეშე ყოფნა, მარჯვენის გარეშე დარჩენის ტოლფასია. ასევე არის ქართველებისთვის აფხაზეთი და სოხუმი. აფხაზეთის გარეშე დარჩენილი საქართველო, მარჯვენა ხელის გარეშე დარჩენილი ქვეყანაა. მარჯვენა ხელი, კი ჩვენ ძალიან გვჭირდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შოთა რუსთაველის ბარელიეფის გახსნის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ოლმერტს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური