საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელვაჩაურში ციტრუსების გადამამუშავებელ ქარხანას ეწვია

11/26/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელვაჩაურს ესტუმრა, სადაც მანდარინის გადამამუშავებელი ახალი ქარხანის გახსნას დაესწრო. მისი თქმით, ამ ქარხანაში 5 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციაა ჩადებული და მისი სრულყოფილად ამუშავების შემდეგ, კიდევ 10 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება.

"მხოლოდ გადამუშავების თვალსაზრისით წელს აჭარაში 15-20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ამ საწარმოში 5 მილიონი დოლარი უკვე ჩადებულია და მისი სრულად ამუშავების შემდეგ კიდევ 10 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება. გახსოვთ, ამბობდნენ, რომ ყველაფერი მხოლოდ არჩევნებისთვის კეთდებოდა, მაგრამ არჩევნები დასრულდა და გამოჩნდა, რომ ჩვენ არა არჩევნებიდან არჩევნებამდე, არამედ ერთი საწარმოს გახსნიდან მეორე საწარმოს გახსნამდე ვცხოვრობთ, ერთი სამუშაო ადფილის შექმნიდან - მეორე სამუშაო ადგილის შექმნამდე. შედეგს ყოველ დღე უნდა ვხედავდეთ. ამ ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდა, ამდენივე დასაქმდა მეორე ქარხანაში და მომავალი წლისთვის ეს რაოდენობა უნდა გავაორმაგოთ. შარშან ჩვენ ვთქვით, რომ აჭარაში მანდარინის გადამამუშავებელი ორი ახალი ქარხანა აშენდებოდა. ხელისუფლება ხალხს არა მხოლოდ ჰპირდება, არამედ დაპირებებს ასრულებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ერთი წლის წინათ დაწესებული ემბარგოს შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მადლობასაც ვეტყვით ემბარგოს ავტორებს იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკის განადგურება სცადეს. მან ყურადღება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც გაამახვილა.

"ერთი წლის წინათ რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ციტრუსების გასატანად გზა დაგვიბლოკა. მაშინ მე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის პრეზიდენტს შევხვდი, რომელმაც ციტრუსების მის ქვეყანაში გასაღება შემოგვთავაზა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გადამუშავების გარეშე ჩვენი მანდარინი მხოლოდ ორ კვირას ძლებს, ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. გადაუმუშავებელი პროდუქტის მიტანა მხოლოდ რუსეთსა და უკრაინამდე შეგვეძლო. ამ ქარხნის ამუშავების შემდეგ შესაძლებელი გახდება, რომ ჩვენი მანდარინი თუნდაც ავსტრალიაშიც წავიღოთ. ეს კი ძალზე დიდი ცვლილებაა. მოვა დრო და ჩვენ მადლობას ვიტყვით იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკის დახრჩობა და ჩვენი ქვეყნის მუხლებზე დაჩოქება სცადეს. რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით, შევეცდებით, რომ რუსეთთან ურთიერთობა დავათბოთ და გამოვასწოროთ, მით უმეტეს, ამ ქვეყანასთან საკონფრონტაციო და საომარი ნამდვილად არაფერი გვაქვს. თუმცა ყველას უნდა დავანახოთ, რომ ალტერნატივაც არსებობს და სხვა გამოსავალიც. საქართველოს ეკონომიკას ვერავინ დაანგრევს - პირიქით, გაგვაძლიერებენ და უფრო მეტად შეგვიწყობენ ხელს, რომ წელში გავიმართოთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ქარხნის ამუშავებისა და საქართველოს ეკონომიკაში ფულის ჩადებითვის ინვესტორებს მადლობა გადაუხადა და დასძინა: "ყველას კატეგორიულად ვაფრთხილებ, რომ ეს ხალხი არავინ დაჩაგროს, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობრები არიან. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი ჩამოდის და ფულს საქართველოს ეკონომიკაში აბანდებს. ამიტომ, მათ უნდა იგრძნონ, რომ ჩვენს ქვეყანაში მათ ჩამოსვლას მიესალმებიან და მათ პატივისცემით ხვდებიან. ხოლო როდესაც ერთი ინვესტორი იგრძნობს ამას, ასი სხვა შემოვა. ეს რომ ასე იქნება, ამის სიტყვას პირადად მე გაძლევთ".

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, ამ რეგიონში მალე შოკოლადის ფაბრიკაც გაიხსნება. ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს ბათუმში ავტობუსების გამოშვება დაიწყება.

"უცხოური ინვესტიციებით, აჭარაში უახლოეს პერიოდში შოკოლადის საამქროც გაიხსნება, მომავალ წელს კი ბათუმში ახალი ავტობუსების გამოშვებაც დაიწყება. ამ ავტობუსების სახელისთვის კონკურსი გამოცხადდება. მიხარია, რომ წარმოება ნელ-ნელა "იქოქება" და მთელი დატვირთვით იწყებს მუშაობას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური