საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მინსკში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა

11/29/2006

მინსკში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინის შეხვდა. ამ შეხვედრისა და მინსკის სამიტის შესახებ, მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი ლონდონში გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან ერთად მას საშუალება ჰქონდა ყველა ის ძირითადი საკითხი და პრობლემა განეხილა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ნორმალურ ურთიერთობას ხელს უშლის. როგორც მან თქვა, საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა პრობლემები ჩვენ თავად უნდა მოვაგვაროთ.

"საშუალება მქონდა რუსეთის პრეზიდენტს პირისპირ შევხვედროდი და ყველა ის ძირითადი საკითხი განგვეხილა, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობას შეეხება. ვფიქრობ, საუბარი სასარგებლო იყო და მიმაჩნია, რომ ყველა ძირითადი საკითხის წამოჭრა შევძელით. დროა, ქართველებმა ვისწავლოთ, რომ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს რას ფიქრობს და რას იტყვის ჩვენზე რუსეთი, რას მოიმოქმედებს და რა გეგმებს დასახავს ჩვენს მიმართ. საქართველოს გეგმები, მისი მომავალი და წარმატებები, ამიერიდან, საქართველოში, მის დედაქალაქსა და მის სხვა ქალაქებში დაისახება", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა და დასძინა "საქართველოს მუდმივი დიალოგი უნდა ჰქონდეს რუსეთთან, რადგან ეს ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება".

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი ვეღარ იქნება და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

"ვფიქრობ, რუსეთი უკვე ხვდება, რომ საქართველოსთან სრულიად განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც 1990-იან წლებში და თუნდაც ერთი წლის წინათ იყო. მე დღეს მინსკში, დსთ-ის სამიტზე ვიმყოფებოდი, მაშინ როდესაც სოფლიოს დანარჩენი ლიდერები რიგაში, ნატო-ს სამიტზე იყვნენ შეკრებილი, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი თემა (თუ ყველაზე მთავარი არა) საქართველოს მხარდაჭერა იყო. პრეზიდენტი ბუში, პირველად, ნატო-ს სამიტზე აცხადებს, რომ საქართველოს ამ ორგანიზაციაში ინტეგრაციას ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი. ამერიკის პრეზიდენტის ეს განცხადება, პრაქტიკულად, გადამწყვეტი პოლიტიკური განცხადებაა. ისტორიულად, ეს ყოველთვის ასე იყო. მსოფლიოს პოზიტიური განწყობა დიდი კაპიტალია, საკითხებს ჩვენ მსოფლიოს მხარდაჭერით გადავწყვეტთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილხამ ალიევთან შეხვედრის თაობაზეც გაამახვილა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბუნებრივ აირს მოძმე აზერბაიჯანიდან მიიღებს.

"ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ განადგურება არ გვემუქრება. დღეს ძალზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან. ვფიქრობ, ეს ზამთარი აზერბაიჯანელებისა და ქართველების ძმობის ისტორიული დემონსტრაციის მაგალითი გახდება, თუმცა ქვეყნისთვის პრიორიტეტული, მაინც, შიდა ეკონომიკის განვითარებაა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური