საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონის საფონდო ბირჟას ესტუმრა

11/29/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონში ჩავიდა და ლონდონის საფონდო ბირჟის ვაჭრობას დაესწრო. ვაჭრობის დაწყება საქართველოს პრეზიდენტმა ღილაკზე თითის დაჭერით სიმბოლურად გახსნა. დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობა მიმდინარეობს. საქართველოს ბანკი მესამე კომპანიაა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დსთ-ის სივრციდან მოხვდა.

"ჩვენ სპეციალურად გამოვყავით ერთი დღე ქართული კომპანიისთვის, რომელიც ისტორიაში პირველად შედის ლონდონის ბირჟაზე. ეს საქართველოს ეკონომიკური ისტორიისთვის მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. ჩვენ ფეხზე დავდგებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ.

კავკასიის რეგიონი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ისტორიულად, საქართველოს ყოველთვის დიდი პოტენციალი ჰქონდა და ასეა ეხლაც. ამ გადმოსახედიდან, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ საქართველოში უკვე მრავალი პროფესიონალი მუშაობს და, მათ შორის, საბანკო სფეროშიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ მოვლენას დავესწრო და საკუთარ ქვეყანას რეკლამა გავუწიო. ეს ყველა პრეზიდენტის მოვალეობაა. ვულოცავ საქართველოს ბანკს ამ წარმატებას და გამარჯვებებს მომავალშიც ვუსურვებ ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური