საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქოს ახლადგახსნილ ცენტრს ესტუმრა

12/13/2006

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ახლადგახსნილ ცენტრს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ცენტრის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.

"მოხიბლული ვარ ამ უმშვენიერესი ტაძრის ახალი ნაწილით. მის უწმინდესობასაც ვეუბნებოდი, რომ იმ წლებში, როდესაც საქართველო ინგრეოდა და არაფერი ახალი არ შენდებოდა, საქართველოს ეკლესიამ ქვეყნის დედაქალაქის ყველაზე ლამაზ ადგილზე არა მარტო სულიერი ცენტრის, არამედ დიდი კულტურული ცენტრის შექმნა შეძლო. ამისათვის, მსურს დიდი მადლობა მოგახსენოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ცენტრში სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური