დღეს თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქ კოლეგას აჰმედ ნეჯდეთ სეზერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა მასმედიის წარმომადგენელთათვის განცხადებები გააკეთეს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობა კვლავაც გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილმა კი ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც საქართველო თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად უფასოდ იღებდა, თუმცა წინა ხელისუფლების უუნარობისა და ქვეყანაში გაბატონებული კორუფციის გამო, ელექტროენერგია მოსახლეობამდე ვერ აღწევდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს პრობლემა საქართველოში აღარ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენას უწინასწარმეტყველებენ, საქართველოს ეს არ ემუქრება, რადგან ჩვენს ქვეყანას თურქეთისა და აზერბაიჯანის სახით სტრატეგიული პარტნიორები ჰყავს. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს იმისათვის, რომ საქართველოს ყველაზე მძიმე პერიოდში გაუწიეს დახმარება.
"თურქეთის პრეზიდენტთან ერთად ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ასევე, საქართველო-თურქეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ზამთრის დამდეგს საქართველოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია. შარშან გაზის ფასი ორჯერ გაგვიძვირეს, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა მაინც ვერ გაანადგურეს და ბოლო ორი წელია, რაც საქართველოში ყველა ოჯახს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებოდა. არავის მივცემთ უფლებას, რომ ვინმემ ისევ სიცივისა და სიბნელის ეპოქაში დაგვაბრუნოს. თურქეთთან და აზერბაიჯანთან საქართველოს ხელისუფლება ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს, რათა საქართველოს მოსახლეობა ენერგიითა და სითბოთი უზრუნველყოფილი იყოს, ასევე იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის განვითარება შეუფერხებლად გაგრძელდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
"ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გამოცდილება უკვე გვაქვს. საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენი ავამოქმედეთ. ამას უახლოეს მომავალში "ბაქო-თბილისი-ერზრუმის" გაზსადენის პროექტიც მოყვება. მე და საქართველოს პრეზიდენტი ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას მივესალმებით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ყარსი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელებას დავიწყებთ", - აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური