საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლეერს შეხვდა

4/25/2007

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება.

დღეს მიხეილ სააკაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებათა სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა თემაზე - „ახალი განვითარებები კასპიის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში". შეხვედრას დიდ ბრიტანეთში აკრედიტებული ევროპელი და სხვა ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას მხარს დაუჭერს. მისი განცხადებით, მოლაპარაკების მთავარი თემა ამ ორ ორგანიზაციაში ბრიტანეთის მხარდაჭერის მოპოვება იქნება. მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტური მხარეების საკითხის შესახებაც ისაუბრა და დიპლომატებს განუმარტა, რომ ამ რეგიონებში არსებული სტატუს-კვო-ს შენარჩუნება შეუძლებელია. მისი თქმით, კონფლიქტების მოსაგვარებლად აქტიური დიალოგია საჭირო.

ლონდონში საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლეერს შეხვდა. მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია იყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ თანამშრომლიბაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოში ბრიტანული ინვესტიციების რაოდენობა იზრდება. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა და ტონი ბლეერმა პოლიტიკურ საკითხებზე, კერძოდ, ქართულ-რუსული ურთიერთობის შესახებაც ისაუბრეს. პირისპირ საუბრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციის მსვლელობისას, აქტუალური იყო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თემა. ტონი ბლერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად იმ ქვეყანას აუცილებლად დაუჭერს მხარს, რომელიც ერაყის საკითხებში ბრიტანეთს თანადგომას უცხადებს.

"საქართველო ნატო-სთვის საიმედო პარტნიორი იქნება. ოფიციალური ლონდონი მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. ვფიქრობ, საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი სამუშაო გაწია იმისთვის, რომ ჩვენგან ბონუსი დაიმსახუროს. ჩემთვის ცნობილია ევროპის სხვა ლიდერების აზრი. ოფიციალური ფორმალობის გავლის შემდეგ, ამ მხრივ, საქართველოს პრობლემები არ შეექმნება. ნატოს წევრი ყველა ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ნატო-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა და მისი გაღრმავება. მოვუწოდებ სხვა ქვეყნის ლიდერებს ხელი შეუწყონ ნატო-ში საქართველოს დროულად გაწევრიანებას. დასავლეთის ინსტიტუტებთან თანამშრომლობაში საქართველო საკმაოდ აქტიურია. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ქართველი ჯარისკაცები ერაყში იმყოფებიან. ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხებზე თქვენი ქვეყნის მთავრობასთან მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ თანამშრომლობას", - განაცხადა ტონი ბლეერმა.

"ალიანსში გაწევრიანება ყველა პრობლემას ვერ მოგვიგვარებს, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას გაგვიადვილებს. ბევრი ადამიანი დაინტერესდა ჩვენს ქვეყანაში არსებული კონფლიქტებით და ცდილობს ამით ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს - ეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოქტრინაში წერია. ვფიქრობ, რუსეთის მიდგომები კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებით, დროს ჩამორჩა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრესკონფერენციაზე როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ბრიტანული ინვესტიცია 200 მილიონის ოდენობითაა შემოსული, თუმცა იგი ვარაუდობს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, ინვესტიციების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

"საქართველო თავისუფალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა და ნებისმიერ კომპანიას თავისუფლად შეუძლია ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელოს. ამას საქართველოს ბოლოდროინდელი მაჩვენებლებიც ადასტურებს. მოველით, რომ საქართველოში ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება. საამისოდ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად შესანიშნავი გარემოა შექმნილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის მთავარია, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი საინვესტიციო გარემო შექმნას. ეს თავისთავად გამოიწვევს ინვესტიციების ზრდას. საქართველოში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, რაც საინვესტიციო კლიმატს კიდევ უფრო დახვეწს", - აღნიშნა თავის მხრივ ტონი ბლერმა.

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა კომენტარი ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თაობაზეც გააკეთეს. ტონი ბლეერმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნებს გაუადვილდება ურთიერთობის დამყარება ისეთ რუსეთთან, რომლისთვისაც ადამიანური ღირებულებები უმთავრესი იქნება.

"რუსეთი ძალიან სტრატეგიული პარტნიორია როგორც ევროპისთვის, ისე საქართველოსთვის. თუმცა ევროპაც ასევე სტრატეგიული პარტნიორია რუსეთისთვის და ეს რუსეთს კარგად უნდა ესმოდეს", განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით: "ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები გვაქვს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩრდილოელ მეზობელთან პერტნიორული და, რაც მთავარია, თანასწორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ეს აუცილებელია მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის."

აქვე, მიხეილ სააკაშვილმა მწუხარება გამოთქვა ბორის ელცინის გარდაცვალების გამო და რუსეთის პირველი პრეზიდენტის ოჯახს მიუსამძიმრა.

დღესვე მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს დეს ბრაუნს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა როგორც ცნობილია, საუბარი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.

ხვალ საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს გორდენ ბრაუნს შეხვდება, რომელიც სავარაუდოდ, გაერთიენებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტს მაისში დაიკავებს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური