საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და პრესსპიკერმა დიმიტრი ქიტოშვილმა აფხაზეთში დაკავებულ ქართველ სტუდენტებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა:
"საქართველოს პრეზიდენტის სახელით, მსურს განცხადება გავაკეთო აფხაზეთის ტერიტიორიაზე დაკავებულ სამ ქართველ სტუდენტთან დაკავშირებით. მინდა განვაცხადო, რომ ლევან ღაჭავას, კობა რიგვავასა და ივერი ყორშიას დაკავება წმინდა წყლის კრიმინალური ქმედებაა. ეს იმ ქმედების შემადგენელი ნაწილი და გაგრძელებაა, რომელსაც ბოლო პერიოდში დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლები რეგულარულად ახორციელებდნენ. ეს ბიჭები არიან მძევლები და არა პატიმრები. მათი დაპატიმრება და სოხუმის იზოლატორში ჩასმა ჩვეულებრივი კრიმინალია. გვსურს განვაცხადოთ, რომ ამ ფაქტის შესახებ ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას შევატყობინეთ. ჩვენ ყველა ზომა მივიღეთ, რათა ამ ბიჭების გათავისუფლება მოლაპარაკების გზით მოხდეს. თუმცა დეფაქტო მთავრობა ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაკავებული ახალგაზრდების მშობლებს შეხვდება. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას კი გვსურს მოვუწოდოთ, რომ ჩვენი ბიჭები უპირობოდ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ძალზე სერიოზულ ზომებს მივიღებთ".
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური