დღეს სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი" საერთაშორისო ფორუმი "საქართველო და დიასპორა" გაიხსნა. მასში მონაწილეობა მიიღო 40 ქვეყნიდან ჩამოსულმა 140 ქართველმა.
ყველაზე დიდი წარმომადგენლობა თურქეთს, რუსეთსა და უკრაინას ჰყავდა წარმოდგენილი. ფორუმს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დროებით ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი დაესწრო.
ფორუმზე დიასპორისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცხოეთში მცხოვრები ქართველების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში დიასპორების აქტიური მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართულ დიასპორას სულისკვეთებისა და ერთიანობის შენარჩუნებისათვის მადლობა გადაუხადა.
„მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ინარჩუნებთ ქართულ სულისკვეთებას და მრავალკულტურულ ერთობას. ტალინში ჩვენს დიასპორაში გაერთიანებული არიან ეთნიკური ქართველები და ეთნიკური ოსები. დღეს ა ქ დიმიტრი სანაკოევი იმყოფება და ვფიქრობ, მისთვისაც ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კიევში ლატვიაში, ესტონეთში ყველაგან, სადაც არის სათვისტომოები დ გაერთიანებული ქართველები, ყველგან ერთად არიან ეთნიკური ქართველები, ეთნიკურ ოსები, ეთნიკური აფხაზები და ეთნიკური აზერბაიჯანელები. ეს არის საქართველოს განსაკუთრებული მიზიდულობა. ეს არის ის, რითაც ჩვენ ყველაზე მეტად ვამაყობთ. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა ბერლინის კედელი კავკასიონის ქედს შეადარა და აღნიშნა, რომ ბერლინის კედლისგან განსხვავებით, კავკასიონის ქედი ბუნებრივი მოვლენაა და მისი დანგრევა შეუძლებელია. მისი თქმით, ჩვენი თაობა არ დაკარგავს იმას, რისი გაძლიერებაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
„კავკასიონის ქედი არა მგონია, უახლოეს ხუთას წელიწადში ვინმემ მოანგრიოს. არცერთ ქვეყანას მსოფლიოში არ აქვს ასე ზუსტად გამოხატული გეოგრაფიული საზღვარი, როგორც საქართველოს. ასე დახატა ღმერთმა და ჩაგვაბარა. ტყუილად ჰგონიათ, რომ საქართველოში ისეთი უუნარო და დაჩაჩანაკებული თაობა მოვიდა, რომ იმას, რისი გაძლიერებაც და შენარჩუნებაც ყველაზე მეტად სჭირდება, სწორედ ახლა დაკარგავს. " - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქარველებს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური