საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნების შეხვდა

12/3/2007

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და წინასაარჩევნო კამპანიის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, პიტერ სემნებიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ტელეკომპანია „იმედის" შესახებ საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსულტაციებს აწარმოებს „NewsCorp"-თან, რათა აღდგეს ტელეკომპანიის მაუწყებლობა და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეთანხმებას უმოკლეს დროში მიაღწევენ.

„ჩვენ მზად ვართ აღდგეს ტელეკომპანიის მაუწყებლობა „NewsCorp"-თან შეთანხმების გარეშეც, მაგრამ ამისთვის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების კონცენტრირება და კომპანიის საქმიანობის საერთაშორისო მონიტორინგია საჭირო", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, საქართველოში მოქმედი ტელეარხები თანაბრად ხელმისაწვდომია პრეზიდენტობის ყველა კანდიდატისთვის.

პიტერ სემნებიმ ნინო ბურჯანაძის მიერ გამართული ბრიფინგი და განცხადება ტელეკომპანია „იმედის" ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან, პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა.

„ჩვენი სურვილია საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა მაქსიმალურად დიდი რაოდენობის დასწრება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პიტერ სემნების თქმით, ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული არჩევნების მიმდინარეობის პროცესში და ამ მიმართულებით ის მომავალშიც გააგრძელებს საქმიანობას. არჩვენების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრისას სემნებიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა ოპოზიციასთან შეხვედრისას უკვე განაცხადეს, რომ მათი მხრიდან უსაფუძვლო დაბრკოლებები არ უნდა შეიქმნას.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდეტის მოვალეობის შემსრულებელმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ბორის გრიზლოვის შემაშფოთებელ განცხადებას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობას ეხებოდა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური