საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ქუთაისში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

12/21/2007

„მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც მიუხედავად ბევრი სირთულისა ეს უმაღლესი სასწავლებელი შეინარჩუნა. ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი ტკივილი და გაჭირვება გამოიარეს. აქ დამსწრე საზოგადოების უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილები ბრძანდებით და მინდა ვთქვა, რომ მართლაც გმირობის ტოლფასი იყო თქვენი მოღვაწეობა ამ რთული წლების განმავლობაში", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ქუთაისში, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრისას.

შეხვედრაზე უნივერსიტეტის მოღვაწეობის ისტორია გაიხსენეს და ისაუბრეს მის წინაშე წარსულში არსებული პრობლემებისა და მომავლისთვის გადასაწყვეტი საკითხების შესახებ.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს აცნობა, რომ მისთვის კარგად არის ნაცნობი ის სიძნელეები, რომლის წინაშეც ეს დაწესებულება დგას და განაცხადა, რომ ტექნიკური ხასიათის პრობლემები უახლოეს მომავალში მოგვარდება და უნივერსიტეტის განკარგულებაში გადავა იმ შენობის სრული ფართი, რომელშიც ამჟამად ეს დაწესებულებაა განთავსებული.

„დარწმუნებული ვარ, რომ შენობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დროებითი იქნება და ჩვენ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეხვედრა უკვე სოხუმში მოგვიწევს", - აღნიშნა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ნინო ბურჯანაძის თქმით, მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებით პოლიტიკურ სპექტრში იყო მცდელობა ხიდი ჩაეტეხათ მასსა და აფხაზეთიდან დევნილებს შორის, თუმცა საბედნიეროდ ამის მოსურნეებმა შედეგს ვერ მიაღწიეს.

შეხვედრაზე იმსჯელეს უნივერსიტეტის დაფინანსების, პროფესორ-მასწავლებელთა ხელფასების მომატების, სტუდენტთა სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამები შესახებ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეს საკითხები ეტაპობრივად დარეგულირდება, განსაკუთრებით წარმატებულ სტუდენტებთან მიმართებაში კი, სახელმწიფო დასაქმების ვალდებულებას აიღებს, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება ახალგაზრდებისთვის.

შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

„ვიცი, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული ადამიანები განსაკუთრებული ინტერესით და გულისტკივილით ადევნებთ თვალ-ყურს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ქვეყანაში სიმშვიდესა და სტაბილურობას მთავარი პრობლემის, ქვეყნის გამთლიანების საკითხის გადაჭრისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ საკითხის გადაჭრა გაძნელდება, თუ პოლიტიკური სპექტრისთვის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა არ იქნება. სტაბილურობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთ აზრზე უნდა ვიყოთ. ჩვენ ყველას, განსხვავებული აზრის მიუხედავად, საერთო პრიორიტეტები უნდა გვქონდეს და გვესმოდეს, რომ კონფრონტაცია დაუშვებელია", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მან ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში სტუდენტების ჩართულობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების მნიშვნელობაზე ჩვენს საზოგადოებაში.

„სტუდენტებს შორის კამათი და დებატები ნორმალურია, მაგრამ პოლიტიკური კულტურა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის სათანადო დონეზე. ისწავლეთ, რომ განსხვავებული აზრის შემთხვევაში ერთმანეთის აზრს პატივისცემით მოეპყროთ, არ დაუპირისპირდეთ ერთმანეთს, იკამათოთ და იდაოთ, მაგრამ გადაწყვეტილება ემოციისა და ცივი გონების ნაზავით, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მიიღოთ", - აღნიშნა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, თუნდაც მტკივნეული გადაწყვეტილების მეშვეობით, ყველაფერი გააკეთა სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, 2 ნოემბერს, პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოების უმრავლესობა არა პოლიტიკური, არამედ სოციალური მოთხოვნების გამო იყო მოსული და მცდელობა იმისა, რომ ოპოზიციამ თავისი წილი პასუხისმგებლობა მოიხსნას, აბსოლუტურად არასწორია.

„მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად მოხვიდეთ არჩევნებზე, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მან ისაუბრა არჩევნების შემდგომ პროცესზე და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან ყოფნა და მსგავსი მენტალიტეტი სახელმწიფოს კარგს არაფერს მოუტანს. მისი აზრით, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებული ყველამ მხარემ უნდა აღიაროს და კონფრონტაციის მაგივრად, საერთო, სახელმწიფოსათვის სასარგებლო საკითხების გადაწყვეტაზე იზრუნოს.

შეხვედრაზე კონფლიქტების თემაზე და ამ კუთხით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრეს.

„რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი თეზისი არის აფხაზეთი. თუ რუსეთი გადადგამს კონკრეტულ პოზიტიურ ნაბიჯებს და ხელს არ შეგვიშლის აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში, ურთიერთობები თავისთავად მოწესრიგდება. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ არჩევნებს ერთიან საქართველოში ჩავატარებთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური