საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა

12/21/2007

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმების და მისი შედეგების, სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული საკითხებისა და სტიპენდიების სისტემის განხილვასთან ერთად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სახელმწიფოს საგარეო პრიორიტეტებზე საუბარს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი საგარეო პრიორიტეტი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებაა, რაც სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების და უსაფრთხოების გარანტიაა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს კითხვა დავსვათ პლებისციტის დროს, რადგან ეს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მან მოიყვანა ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი და აღნიშნა, რომ საქართველო არ უნდა დარჩეს პირისპირ, ერთი ერთზე, თავის ჩრდილოელ მეზობელთან. მისი თქმით, ის, რასაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი მოითხოვს, არის დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობა, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, რაც თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრების გარანტიაა.

შეხვედრაზე იმსჯელეს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობაზე. ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ის, პირადად, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩევნების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

„მინდა მოგიწოდოთ, მობრძანდეთ არჩევნებზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ხვალინდელი განვითარებისთვის",- განაცხადა მან.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა 2003 წლის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს ოპოზიციის ყველა ლიდერს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დაწესებულებაში ჩაატაროს თავისი საარჩევნო შეხვედრა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში ბევრი რამ ძირეულად შეიცვალა სასიკეთო მიმართულებით.

„ის, რაც ბოლო სამი-ოთხი წლის მანძილზე გაკეთდა, ჩვენი ვალდებულება იყო. რთულია, როცა ყველა მიმართულებით რაღაც არის შესაცვლელი. გასათვალისწინებელია, თუ რა პირობებში ჩაიბარა ამ ხელისუფლებამ ქვეყანა. სამართლიანი იქნება ითქვას, რომ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ქვეყანაში დაწყებულ რეფორმებს", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

„თუ რუსეთი ცნობს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, ავტომატურად, საქართველო რუსულ სამშვიდობო ძალებს კანონგარეშედ და ოკუპაციურ ჯარად გამოაცხადებს და შესაბამის ქმედებებს დაიწყებს",- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

„საქართველოს ხელისუფლებას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხრიდან და დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების შემდეგ ასევე ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველოს სახელმწიფო მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე საუბრისას ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 1998 წელს, როდესაც ის საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო, აცხადებდა, რომ საქართველოსთვის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის არ არის მისაღები.

„ქვეყანა, რომელსაც აქვს ორი მოუგვარებელი კონფლიქტი, შეუძლებელია იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა და ამ კონფლიქტების მოგვარებიდან უახლოეს 10-15 წელიწადში მსგავსი სახის მოდელისთვის მზად არ იქნება", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური