საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ქუთაისში სკოლის პედაგოგებს შეხვდა

12/24/2007

„მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებმა სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება იგრძნონ. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ კარგად გვესმის თითოეული თქვენგანის შრომის ფასი. წლების განმავლობაში თქვენ ელემენტარული პრობლემები გაწუხებდათ, თუმცა ღირსეულად იხდიდით ვალს ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების წინაშე. პედაგოგების საკითხი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ზრუნვის საგანი გახლავთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ ქუთაისში პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე.

ნინო ბურჯანაძის თქმით, აღსანიშნავია, რომ პედაგოგების ხელფასი გაიზარდა, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის და 2008 წლისთვის პედაგოგთა ხელფასების ზრდის პროცესი გაგრძელდება.

ისაუბრეს პედაგოგებისთვის დარიგებულ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ვაუჩერების დარიგების მნიშვნელობაზე, პედაგოგების დაზღვევის საკითხზე. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ქუთაისის სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა გარემონტებულია, თუმცა გათბობის სისტემა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოწესრიგებული.

შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაც განიხილეს.

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სიმშვიდე და სტაბილურობა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბდეს ისეთი პოლიტიკური კულტურა, როდესაც არჩევნების დროს ადამიანები არა ერთმანეთის შეურაცხყოფით, არამედ რეალური, კონკრეტული პროგრამების წარმოდგენით იქნებიან დაკავებულნი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს, ხოლო იმ ადამიანებმა, ვინც არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსვლით იმუქრებიან, საზოგადოებისგან ადეკვატური პასუხი უნდა მიიღონ, რადგან არავის აქვს ქვეყანაში არეულობის მოწყობის უფლება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური