საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით მზრუნველობას მოკლებული და უნარშეზღუდული ბავშვებისთვის საშობაო მიღება და სპექტაკლი გაიმართა

1/3/2008

შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის სახელით მზრუნველობას მოკლებული და უნარშეზღუდული ბავშვებისთვის საშობაო მიღება და სპექტაკლი „სალამურა" გაიმართა. მიღებას საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მაია მიმინოშვილი ესწრებოდნენ.

ნინო ბურჯნაძემ ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და უსურვა, რომ 2008 წელი მათთვის და სრულიად საქართველოსთვის ბედნიერებისა და სიმშვიდის მომტანი ყოფილიყოს.

„ყოველთვის გქონდეთ რწმენა და იმედი იმისა, რომ რასაც ცხოვრებაში მიზნად დაისახავთ აუცილებლად მიაღწევთ. გისურვებთ, ყველა კეთილი სურვილი და ოცნება აგსრულებოდეთ", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური