პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში 2008 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი მოინახულა

1/3/2008

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი საპატრიარქოსთან არსებულ წმინდა იოაკიმისა და ანას სახელობის სამშობიარო სახლს ეწვივნენ.

ნინო ბურჯანაძემ 2008 წლის 1 იანვარს, 24 საათსა და 3 წუთზე დაბადებული ახალშობილი მოინახულა და საჩუქრად საბავშვო ეტლი გადასცა.

„ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ 2008 წლის პირველივე დღეებში საქართველოში 328 ბავშვი დაიბადა. შობადობის მატება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნინო ბურჯანაძემ ქართველ დედებს მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი შვილი გააჩინონ და საკუთარი ერი გაამრავლონ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური