ნინო ბურჯანაძე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირება მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემდგომი განვითარებისთვის“

1/15/2008

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს მასმედიის წარმომადგენლებთან ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე და მის კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა.

„კონსულტაციების შედეგად ერთი კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხს ეხება. დემოკრატიული პროცესების შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააწესოს ის მაღალი სტანდარტი, რომელიც შემდგომ, ყველა სხვა ტელევიზიის მიერ გარკვეულწილად ატაცებული იქნება. შესაბამისად, მედიის მიმართ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, საკმაოდ სერიოზული და მაღალი მოთხოვნები დამკვიდრდება,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებისა და გარკვეული პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტდება.

„საბჭოს ექნება ძალიან სერიოზული ფუნქციები სწორედ იმ სტანდარტის დაწესებასთან დაკავშირებით, რომელზეც მე თქვენ გესაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობას სერიოზულად აამაღლებს და პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელისთვის მისაღები იქნება დაწესებული სტანდარტი", -განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებები არ ეხებათ რიგით ჟურნალისტებს, რომლებიც მაქსიმალურად კარგად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარეკებების შესახებ განაცხადა, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, სწორედ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს.

„კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვაღწევთ შეთანხმებას და შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებები იქნება აღქმული როგორც საერთო წარმატება. გარკვეულ საკითხებზე ჩვენი პოზიციების დაახლოების შესაძლებლობა რეალურად არსებობს და იმედი მაქვს, რომ ის პოლიტიკური ნება, რომელიც ორივე მხრიდან არსებობს, საბოლოოდ იქნება რეალიზებული. მთავარია, რომ პროცესები სწორად წარვმართოთ, ყველანი მოვემზადოთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და აღნიშნული არჩევნები პოლიტიკური კულტურის ამაღლების რეჟიმში ჩავატაროთ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური